ნათია თურნავამ პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაცია წარადგინა
30-03-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლებამ და ბიზნესსაზოგადოებამ, ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა, რაც შეიძლება სწრაფად იქნას დაძლეული კოვიდპანდემიით გამოწვეული შოკი. 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, დაუბრუნდეს პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას და შეინარჩუნოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში.

„ჩვენ კოვიდპანდემიას, რომელიც უდიდესი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის, განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას ბიზნესისთვის, რომ გახდეს უფრო ეფექტიანი, კონკურენტუნარიანი და ძლიერი. ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, ჩემი კოლეგებისთვის ეს არის დრო, როცა ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო გაბედული ნაბიჯები, მივიღოთ უფრო არასტანდარტული გადაწყვეტილებები. სწორედ ასეთი მასშტაბური, არასტანდარტული გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, როდესაც დღეს მართლაც უპრეცედენტო პრივატიზაციის მასშტაბური პაკეტი შემოგთავაზეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გაფართოვდა და საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაყიდი ობიექტების რუკას დაემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები. ჯამში, სახელმწიფო ბიზნესსექტორს 400 მილიონ ლარზე ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს.

მინისტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი 150 ქონებიდან ნახევარზე მეტი სრულიად ახალი ობიექტია, რომელიც პირველად გამოდის გასაყიდად, დანარჩენი - აქამდეც იყო შეთავაზებული აუქციონზე. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა საბაზრო რეალობა, ახლა ძალიან სოლიდური ფასდაკლებით - განახლებული ფასებით არის გამოტანილი. 

პროგრამას ამ ეტაპზე, კიდევ 50 სხვადასხვა ტიპის საბადო დაემატა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, რეგიონებში შეიქმნას, ამიტომ ყველა რეგიონში გვაქვს შესაბამისი ქონება, საკმაოდ დიდი ოდენობით წარმოდგენილი. ამ ქონების ნაწილი არის საინვესტიციო ვალდებულებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ტურიზმისთვის, ნაწილი თავისუფალია და მყიდველს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, რა განავითაროს“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკის გაჯანსაღებაში ბიზნესის როლი და აღნიშნა, რომ პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი.
 

  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული, კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/39tYdxJ
  • ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მოცემულია ბმულზე: https://bit.ly/3dn6ZPl

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©