გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო
04-07-2021

გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო - კომპანიის მიერ დიუსელდორფიდან შესრულებულ პირველ ავიარეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, „ლუფთჰანზა ჯგუფის“ რეგიონალური მენეჯერი რენე კოინცაკი, Eurowings-ის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი და „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დახვდნენ.

„ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings - თან, რომელიც „ლუფთჰანზა ჯგუფის“ წევრი ავიაკომპანიაა, მოლაპარაკება საქართველოს ბაზარზე ჩამოსაყვანად დაიწყო ჯერ კიდევ პანდემიამდე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება ფრენების შესახებ კომპანიამ მიიღო პანდემიის დროს - ეს არის ჩვენთვის ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მაღალი ტემპებით აღდგება და ავიაციაც კვლავ რეკორდულ ნიშნულებზე იქნება,“ - განაცხადა  ნათია თურნავამ

მინისტრის ინფორმაციით, დღევანდელი მაჩვენებლებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, ჯამურად,  2019 წელს არსებული ფრენების სიხშირეებისა და მგზავრთა რაოდენობის  70 პროცენტი მიღწეულია. მინისტრის შეფასებით, კარგად მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და ეს არის ძალიან დიდი შენატანი ჩვენს ეკონომიკაში. 

ნათია თურნავას განცხადებით Eurowings-ის პირველ რეისი პრაქტიკულად სრულად დატვირთულია 172 მგზავრით. ეს ავიაკომპანია ტრადიციულად ემსახურება ახალგაზრდა ტურისტებს გერმანიიდან, რომლებიც ჩამოდიან საქართველოს ღირსშესანიშნაობების, განსაკუთრებით სათავგადასავლო ტურისტულ ობიექტების გასაცნობად. 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საკმაოდ მიმზიდველი და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც გერმანიაში დაფრინავენ სამუშაოდ, სამკურნალოდ ან უბრალოდ ტურისტული მიზნებისთვის.

Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 4 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის მესამე მიმართულება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება. აქამდე ფრენები სრულდებოდა ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებებით. მიმდინარე წლის აგვისტოდან მიმართულებებს დაემატება  ასევე ფრანკფურტი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით 31 ავიაკომპანია ოპერირებს 34 მიმართულებით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©