საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საბჭოებში მეორე ვადით იქნა არჩეული
27-08-2021

საქართველო გაეროს მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) მუდმივმოქმედი საბჭოების, ადმინისტრაციულ (CA) და საფოსტო საექსპლუატაციო (POC) საბჭოების წევრ სახელმწიფოდ მეორე ვადით იქნა არჩეული. 

არჩევნები მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 27-ე კონგრესზე გაიმართა. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე საქართველო UPU-ს მუდმივმოქმედი საბჭოების - ადმინისტრაციული და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოების წევრი იქნება. 

აღნიშნული საბჭოები, UPU-ს მომავალ კონგრესამდე 2025 წლამდე პერიოდში წარმოადგენს მსოფლიოში ფოსტის სფეროს განვითარების და სრულყოფის უზრუნველმყოფ UPU-ს ძირითად არჩევით ორგანოებს. 

ადმინისტრაციული საბჭო (CA) წარმოადგენს UPU-ს ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბირთვს. ადმინისტრაციულ საბჭოში (CA) წევრობით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღების პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) ძირითადი ფუნქციაა საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო, კომერციული, ტექნიკური და ეკონომიკური ხასიათის საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/მიღება. ამ საბჭოში წევრობით საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

კონგრესზე საქართველოს დელეგაციაას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროების და შპს „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენლები. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©