ნათია თურნავა ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
08-09-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. 

შეხვედრისას მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა  აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უცვლელი სტრატეგიული პარტნიორია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, ამ პარტნიორობის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანისთვის. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებაზე, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარებაზე. ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიერ საქართველოს ეკონომიკის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ძლიერი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდამჭერ პროგრამებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. 

„გვქონდა კარგი შესაძლებლობა, ამერიკელ კონგრესმენებთან გვესაუბრა იმ პერსპექტივებზე, რაც ამერიკა-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, ძალიან ბევრს გვეხმარება ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვენი უცვლელი, ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და მართლაც სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად მიმდინარე წლის შვიდ თვეში ამერიკა-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის ზრდამ 127%-ს მიაღწია. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებულადაა წარმოდგენილი 300-მდე ამერიკული კომპანია.

ამასთან, საუბარი  შეეხო საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესების პერსპექტივებს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი და კონგრესმენებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის მხარდაჭერისთვის მიმართა.

კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.

შეხვდრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია და ამერიკა-საქართველოს თანამეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელი მელორ წიფურია.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©