ნათია თურნავა „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი კომპანია „ელ+“-ის საწარმოსა და შოურუმის გახსნას დაესწრო
26-09-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი კომპანია „ელ+“-ის ადგილობრივი საწარმოს და შოურუმის გახსნას დაესწრო.

ნათია თურნავა პირადად გაეცნო საწარმოს მუშაობის პროცესს და წარმოებულ პროდუქციას, კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარს. 

„ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, რომელიც შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენობების ხანძრისგან დაცვასთან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს საქმიანობის გაცნობის შემდეგ.

კომპანია „ელ+“-მა პირველად საქართველოში, სახანძრო  უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის წარმოება დაიწყო და განავითარა.

კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და ახალი, ევროპული სტანდარტები, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე  დანადგარებით აღჭურვილი საწარმო დააფუძნა. კომპანიის მიერ განხორციელდა 6.000.000 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2.000.000 ლარი „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. საწარმო 200-მდე ადამიანს ასაქმებს.

საწარმო „ელ+“ ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარებს, ცეცხლგამძლე კარადებს, ცეცხლმედეგ ვენტილირებად ფასადებს, მეტალის სტელაჟებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო. აღსანიშნავია, რომ კომპანია ეტაპობრივად და მიზანმიმართულად ანაცვლებს იმპორტს ადგილობრივი წარმოებით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©