ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ მიმართულებები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ონლაინ ფორმატში წარუდგინა
21-10-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნულიგეგმის“ განვითარების  ძირითადი მიმართულებების შესახებ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სექტორებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან პირველი განხილვა გაიმართა, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, რომლის დროსაც პასუხი გაეცემა საზოგადოების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის, მისი განვითარების მიმართულებებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული ინტეგრირებული“ გეგმის განვითარების შემუშავებას ევროკავშირის ენერგოდირექტივების საფუძველზე ახორციელებს. ევროპის ენერგოგაერთიანება ჩართული იქნება სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის მთელ პროცესში, რათა ქვეყანამ წარმატებით განახორციელოს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზაცია, წარმატებით განახორციელოს ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მიმართული იქნება გარე ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისკენ. 

ითქვა ისიც, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესი მაქსიმალურად იქნება გახსნილი და მასში ჩართვა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება. უშუალოდ ონლაინ შეხვედრას 70-მდე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიერ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, შემუშავებული იქნება განხილვების სხვადასხვა ფორმატები, რათა არცერთი ლეგიტიმური შეკითხვა ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების გზასთან დაკავშირებით არ დარჩეს უპასუხოდ. 

ონლაინ შეხვედრაზე ზემოაღნიშნული გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ ეკონომიკისს და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიტა არაბიძემ წარადგინა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის განვითარების ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ეკონომიკის დეკარბონიზაცია; ენერგოეფექტურობა; ენერგეტიკული უსაფრთხოება; ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, კვლევები, ინოვაციები და სხვ. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დოკუმენტი მოიცავს როგორც განახლებადი ენერგიების განვითარებას, ასევე ენერგოეფექტურობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება მოხდეს სწორად და გონივრულად, რაც ქვეყანას გახდის ნაკლებად დამოკიდებულს იმპორტირებულ ენერგორესურსებზე. ყოველივე ეს უნდა მოხდეს გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, რაც კლიმატის ცვლილების შერბილებას ემსახურება.

ამავე დროს, ყურადღება გამახვილა საქართველოში ენერგიის მოხმარების ზრდის სწრაფ დინამიკაზე, რომელიც ამჟამად, ძირითადად, იმპორტით იფარება. ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან ერთად, ეს პროცესი კიდევ უფრო გაიზრდება. აღინიშნა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულების გაძლიერება შესაბამისობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. 

მომდევნო შეხვედრა არასამთავრობო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან უახლოეს მომავალში გაიმართება.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©