ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
11-11-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა და დიდი ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კლერ ოლბრესმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. 

მემორანდუმი ითვალისწინებს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერას სამინისტროს სტრუქტურული მდგრადობის უზრუნველყოფის, საჯარო მოხელეთა ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების, აგრეთვე სექტორული განვითარების დოკუმენტების მომზადების მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, გაგრძელდება და გაფართოვდება საქართველოს მხარდაჭერა ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის კეთების მხრივ. 

დოკუმენტის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა და UNDP ხელს შეუწყობენ სამინისტროს საჭიროებების შეფასებას პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში, ისევე როგორც შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას, რომლებიც დაეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წელს დამტკიცებულ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებულ ჩარჩოს, რომელიც UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით შემუშავდა. დღემდე, მსგავსი ტრენინგი გაირა 300-მდე საჯარო მოსამსახურემ ყველა სამინისტროს მასშტაბით. 

ხელმოწერის შემდეგ, ნათია თურნავამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მთავრობის მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია პანდემიით გამოწვეული სირთულეების წინააღმდეგ. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას, ასევე დონორ სახელმწიფოებს პანდემიის პრევენციის მიზნით გაწეული დახმარებისთვის.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©