ნათია თურნავა მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგა
16-12-2021

საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, მიღწევებზე, წარმატებებზე, რეფორმებზე, გამოწვევებზე და პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, რომლის დასრულების შემდეგ, დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს - მაღალი ეკონომიკური გამოცოცხლება და აღდგენა, ექსპორტის ზრდა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები, თუმცა, ეს  არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს და   ძალიან კარგად ვხედავთ პრობლემებს, კარგად ვხედავთ, თუ რა მიმართულებით გვექნება სამუშაო მომავალ პერიოდში და იმედი მაქვს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამართული, თუნდაც კრიტიკული მსჯელობა, საბოლოო ჯამში,  მიმართული იქნება იქითკენ, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  

თავის მოხსენებაში ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა იმ ძირითად შედეგებზე, რაც 2021 წელს ეკონომიკაში არსებობს, ასევე ხაზი გაუსვა პრობლემებს,  რომლებიც მოიტანა პანდემიამ  და რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის არის  ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბესთან ბრძოლის აუცილებლობა, მეტი დასაქმება და ა.შ. 

„ინფლაციისგან განსხვავებით, სიღარიბე მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დროს მომხდარმა მოვლენებმა. სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიმართულებები, პირველ რიგში, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობა და მეტი დასაქმების უზრუნველყოფაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ მინისტრის,  ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანების საჯარო სამუშაოებზე დასაქმების თაობაზე. ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების, მათ შორის, პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, უნგრეთის წარმატებულ გამოცდილებას და დადებით მოტივაციას გაუჩენს სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან ადამიანებს, რათა იმუშაონ და სოციალური შემწეობის გარდა, მასთან ერთად, შრომის ანაზღაურებაც მიიღონ“ - განაცხადა მინისტრმა. 

მისივე თქმით, დასაქმების ზრდისკენ მიმართული ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება. 

„ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმთავრესი რამ - უზრუნველვყავით ბიზნესისთვის მშვიდობიანი, პროგნოზირებადი, სტაბილური გარემო, რასაც ქართული ბიზნესიც პასუხობს განვითარებაზე ორიენტირებული განწყობით და ახალი ინვესტიციებით. ეს მიღწევა ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაში. საქართველომ ეკონომიკური შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფით შეძლო შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი.  სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch, S&P, Moodys’) შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ დაადასტურა, რომ საქართველო მდგრადია,  მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დაგვარტყა, მაკროეკონომიკურად სტაბილურები ვართ და შექმნილია ბიზნესისთვის მშვიდობიანი განვითარების პირობები“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მინისტრის შეფასებით, ბიზნესის განვითარებისთვის შექმნილი ასეთი გარემო და სახელმწიფო პროგრამები არის სწორედ იმ მიღწევების საფუძველი, რაც, ექსპორტის და საგარეო ვაჭრობის ზრდის კუთხით დაფიქსირდა.  

„პანდემიის დროს, 11 თვეში  მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე, ეს იყო, მაგალითად, მთლიანად 2019 წელს, რომელიც, ყველა გაგებით, მიჩნეული დადებით წლად ეკონომიკის, ტურიზმის, ექსპორტის განვითარების მიხედვით და ვამბობდით, რომ 2019-ში ექსპორტის  რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, თუმცა, ახლა, 11 თვეში შევძელით ამ  მაჩვენებლის გადალახვა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

საგარეო ვაჭრობის მიმართულებებზე საუბრისას ნათია თურნავამ ასევე განაცხადა, რომ საქართველო  არის  ქვეყანა რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად მზადაა იმისთვის, რომ დაიწყოს უშუალოდ მოლაპარაკება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მინისტრის თქმით, ეს სულისკვეთება აისახა ამერიკელი კონგრესმენების რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ისინი აშშ სავაჭრო წარმომადგენელს მიმართავენ და მოუწოდებენ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უშუალო მოლაპარაკების დაწყებისკენ. 

„პრემიერ მინისტრის დავალებით, ჩვენ, ისევე როგორც თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, შევიმუშავეთ და მოსახლეობას გავაცანით განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც კიდევ უფრო განჭვრეტადს ხდის როგორც ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ისე ბიზნესგარემოსაც.  ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომლის დანერგვის საშუალებასაც გვაძლევს მუდმივი სტრუქტურული რეფორმები და სტაბილურობა, რაც, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©