მარიამ ქვრივიშვილი სოციალური ქსელების წამყვან ბლოგერებს და ინფლუენსერებს შეხვდა
21-01-2022

საერთაშორისო სამთო მოგზაურები, სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სამთო ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სტუმრობენ. ეს პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება. 

„მივესალმებით საერთაშორისო ბლოგერებისა და ინფლუენსერების სტუმრობას საქართველოში, რომლის შედეგადაც ჩვენ ვნახავთ არაერთ სტატიას თუ ბლოგს საქართველოს კურორტების, ზოგადად, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც განვითარებული ტურისტული ქვეყნის ცნობადობის ზრდას და დაგვეხმარება ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო ბლოგერებისა და ინფლუენსერებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც ველნეს კურორტ ბიოლში გაიმართა. 

მასთან ერთად მოწვეულ სტუმრებს მიესალმა USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი. 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 7 ქვეყნის 15 სამთო მოგზაური ეწვია. სამთო მოგზაური, სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფუენსერები დაათვალიერებენ საქართველოს სამთო კურორტებს გუდაურს, ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდას, ბორჯომს და გაეცნობიან იქ არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. 

ინიციატივის ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყებენ საკმაოდ მაშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში და პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სამთო, სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID-ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე აიტვირთება.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©