გენადი არველაძე: "ჩინეთთან ვაჭრობა ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზრდება“
17-05-2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ვიცე-პრემიერის ვანგ იანგის შეხვედრაში.

გენადი არველაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდას. მხარეები მაქსიმალურად შეეცდებიან,  რათა ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის საგრძნობლად გაიზარდოს და ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს. 

“ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდას და, ასევე, საქართველოდან ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის მიმართულებით. ასევე, ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ვაჭრობა, ჩვენს ქვეყნებს შორის, გაიზრდება ერთ მილიარდ დოლარამდე. ამ მიმართულებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია” - განაცხადა გენადი არველაძემ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელი მიმდინარე წლის 13 მაისს მოეწერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევრაზიის რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს მსგავსი შეთანხმება აქვს გაფორმებული. მოლაპარაკება ორივე მხარის ძალისხმევით რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა. ამჟამად დარჩენილია მხოლოდ სარატიფიკაციო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც შეთანხმება ძალაში შევა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა შეთანხმების რატიფიკაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©