ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გიორგი ჩერქეზიშვილი საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმს დაესწრო
18-05-2017

18 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ ბერნადეტე გერლინგერმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა მიმართეს. 

ბიზნესფორუმის მიზანი საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარებაა. ქართული და ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირისპირ მოლაპარაკებები გაემართათ.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილი განაცხადა, საქართველოში იზრდება ავსტრიიდან ინვესტიციების მოცულობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ჩვენ გვქონდა  ინვესტიციების 23%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. რა თქმა უნდა, რიცხობრივად და ჯამურად ეს არ არის დიდი ციფრები - სულ 23 მილიონი დოლარია 2016 წელს, მაგრამ ტენდენცია არის ზრდისკენ და ეს არის მთავარი. საქართველოში საქმიანობენ ავსტრიული კომპანიები, არის დამატებითი ახალი პროექტები, მათ შორის შემიძლია დავასახელო ძალიან დიდი პროექტი გურიაში, რომელიც ავსტრიულმა კომპანია „რაუხმა“ დაიწყო და წლის ბოლომდე დაასრულებს. ეს ძალიან კარგია, სტიმულს აძლევს სხვა კომპანიებს, რომ გახდნენ პლატფორმა ქვეყანაში შემდგომში სხვა ახალი ინვესტორების შემოსვლისთვის“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ავსტრია დაახლოებით ისეთივე ტიპის ქვეყანაა, როგორიც საქართველო და მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა კომპანიებმა გამოიყენონ ის გამოცდილება და შესაძლებლობები, რაც ავსტრიულმა კომპანიებმა გაიარეს, განსაკუთრებით ცოდნისა და ტექნოლოგიების მიმართულებით - "ეს არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ის ფუფუნება, რომ შეგვიძლია ნებისმიერ ასეთ რეჟიმში გვქონდეს ურთიერთობა ამ კომპანიებთან და სამთავრობო წრეებთან.  ქართული კომპანიების მიერ  ეს აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული“- აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის (WKO) ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართა საქართველოსა და ავსტრიის საინვესტიციო გარემოს, ასევე საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ. ფორუმზე ასევე ისაუბრეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერამ ტავის გამოსვლაში საქართველოში აღმშენებლობისა და განვითარებისთვის საინვესტიციო აქტივობებს გაუსვა ხაზი.

საქართველო-ავსტრიის ბიზნესურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმაც. როგორც მან აღნიშნა, ავსტრია იყო პირველი ინვესტორი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. „ავსტრიული ინვესტიციები საქართველოში უკვე არის განხორციელებული და ვიმედოვნებთ, რომ ეს ფორუმი დამატებით კიდევ წაახალისებს მათ. რაც შეეხება პალატების ურთიერთთანამშრომლობას, ჩვენ ვაპირებთ პროექტის განხორციელებას პროფესიული განათლების კუთხით და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით, რაც ასევე ძალიან პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის“- განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტის, რიჩარდ შენცის განცხადებით, საქართველოს ახალი ელექტროენერგიული საწარმოების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.  „ავსტრია ამ პოტენციალს ხედავს და აფასებს. დაინტერესებული ვართ ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოებით, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიებით და სხვადასხვა სფეროებით. გვჯერა, რომ საქართველო უდიდესი პოტენციალის ქვეყანაა, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც ელექტროსისტემაზე, ასევე გარემოზე და ეს კარგია  მისი მომავლისთვის“- აღნიშნა რიჩარდ შენცმა.

ავსტრიის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ ისეთ სფეროებს,  როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოება, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები, მსუბუქი და სატვირთო მანქანების ძრავების შესამოწმებელი ტექნოლოგია, ნავთობქიმია, ფარმაინდუსტრია, დეტექტორების, ონკანების და სხვა საზომი ხელსაწყოების წარმოება, ჰიდროელექტროსადგურები, ტურიზმი, დეველოპერული კომპანიები, სახანძრო სიგნალიზაცია, საინჟინრო სერვისები, ჯართის გადამუშავება, საკონსულტაციო სერვისები, თუჯის მილსადენის სისტემები, მენეჯმენტის სისტემები ელექტრონულ სწავლებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა.
 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016 ©