ტექნოპარკში "ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ გაიმართა
18-05-2017

ევროპის ქვეყნებში არსებული ბიზნესშესაძლებლობების, ევროპის მეწარმეთა ქსელისა და ევროპულ პროგრამებზე წვდომის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ეკონომიკის სამინისტროს „ტექნოპარკში“, რომელსაც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისა  და დამწყები კომპანიების (სტარტაპები)  80-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართა.  

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თავისი ორი ქვეუწყების - „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოების საშუალებით ახორციელებს ქართული კომპანიების მხარდაჭერას. მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოიძიონ პარტნიორები, მოამზადონ თავიანთი პროდუქცია საექსპორტოდ, დაუკავშირდნენ სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ ინსტიტუტებს თუ სხვადასხვა ორგანიზაციებს და მიიღონ ინფორმაცია, როგორ მოახდინონ პროდუქციის ექსპორტზე გატანა არამარტო ევროკავშირში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ, მიმდინარე პროცესებში როგორ მოიძიონ დახმარება ტექნოლოგიური მხარდაჭერის კუთხით. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც ძალიან ბევრმა ქართულმა კომპანიამ უნდა გამოიყენოს, რადგანაც დღეს ჩვენ ვართ განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ქართულ კომპანიებს მხარდაჭერა ზუსტად ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ესაჭიროებათ“ - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ტექნოპარკში გამართული „ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ ევროკავშირის ქვეყნებთან ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება, ის ხელს უწყობს მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. პროექტის  მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), საქართველოს მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა მოახდინოს საქართველოს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური საქმიანობის სტანდარტების ჰარმონიზაცია ევროკავშირის პროგრამებთან. მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, ქვეყნის მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას უფრო აქტიურად განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – "ჰორიზონტ 2020”-სა და ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად მცირე და საშუალო მეწარმეთა, ინოვაციურ და სამეცნიერო საზოგადოებას შორის, მათ შორის საინფორმაციო დღეების ორგანიზების გზით.

„საქართველოს უკვე აქვს წვდომა ევროკავშირის რამდენიმე პროგრამასა და ფინანსურ ინსტრუმენტზე, მათ შორის ევროპის მეწარმეთა ქსელზე. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქსელის საკონტაქტო პირებს წარმოადგენენ საქართველოში და შესაბამისად, მათ შეუძლიათ განათავსონ ქართული კომპანიების ბიზნეს წინადადება ქსელის პლატფორმაზე, დაეხმარონ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების გამოყენებაში.“ - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პირველი კატეგორიის მრჩეველმა ანა გუგუშვილმა.  

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის მეწარმეთა ქსელი. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებით EU4Business ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივის „EU4Business“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას..

ევროპის მეწარმეთა ქსელი 600-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც მოიცავს სავაჭრო პალატებს, ბიზნესის განვითარების სააგენტოებსა და საუნივერსიტეტო ტექნოლოგიურ ცენტრებს. 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის 28 წევრ და დანარჩენ ასოცირებულ ქვეყნებში, ქსელი კომპანიებს საკითხების კონკრეტულ და ეფექტურ გადაწყვეტას თავაზობს.  


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©