საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
29-07-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №353 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად ჩამოყალიბდა. კომისიის სხდომა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა. 

კომისიის სხდომაზე  საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, ასევე განხილული იქნა ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით დღეისათვის არსებული ძირითადი გამოწვევები. 

კომისიის თავმჯდომარის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას და მთავრობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. „საგზაო უსაფრთხოება საერთო პასუხისმგებლობის საგანია და უსაფრთხო სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ პროცესში ჩართულმა ყველა უწყებამ თავისი ფუნქცია კოორდინირებულად შეასრულოს. საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მიზანი ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაა,“ - განაცხადა მინისტის მოადგილემ. 

კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე, რომლის  შემადგენლობაში საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შევიდნენ. სამუშაო ჯგუფი მოამზადებს მონიტორინგის წლიურ ანგარიშს, სადაც ძირითადად წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სამოქმედო გეგმის აქტივობების შედეგების და ამოცანების შესრულების პროგრესზე. 

კომისიის დებულების შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის  შეხვედრები 6 თვეში ერთხელ ჩატარდება. ამავე დროს, შესაძლებელია დამატებითი შეხვედრის გამართვა კომისიის ან სამუშაო ჯგუფის წევრების მოთხოვნის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში.

სტრატეგიის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნებისთვის, საკონსულტაციო ფორმატის ფარგლებში გაიმართება უწყებათაშორისი კომისიის და სამუშაო ჯგუფის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორთან, დარგის ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. 

უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საქართველოს ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა. კომისიის წევრებს წარმოადგენენ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირები.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©