ლევან დავითაშვილი ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ სერტიფიცირების პროცესის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
01-08-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“  სერტიფიცირების პროცესის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე,  Gazelle Finance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და  საქაერონავიგაციის ხელმძღვანელები. 

ვიცე პრემიერის განცხადებით ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ტრანსპორტის სფეროში და, ზოგადად, ქართული ავიაციის განვითარების მიმართულებით. მისივე თქმით, ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ პროექტი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია და ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის  პოტენციალის უკეთესად გამოყენებას. 

„ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ინიციატივის, წარმატებული  პროექტის დასაწყისის მომსწრენი ვართ და მსურს მადლობა გადავუხადო აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობისთვის - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ქართულ-ამერიკული პროდუქტი, როდესაც დაფინანსების კუთხით გვყავს ამერიკის საფინანსო კორპორაცია, როგორც პარტნიორი,  ასევე წარმოდგენილია კორპორაცია Gazelle Finance, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებით დაფინანსებას ახორციელებს“ -  აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

„კამექს ეარლაინსი“ ქართული კომპანიაა. ავიაბაზარზე ახალი გადამზიდავი კომპანიის გამოჩენა ამერიკულ საფინანსო კოორპორაცია Gazelle Finance-თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. „კამექს ეარლაინსის“ კუთვნილი Boeing 737-800 BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც უკვე წარმატებით გაიარა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უახლოეს მომავალში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი და დროის მოკლე მონაკვეთში მოახერხებს საკუთარი წვლილის შეტანას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების საქმეში. 

ლევან დავითაშვილის შეფასებით, თბილისი, როგორც ერთ-ერთი ლოგისტიკური ცენტრი, ნამდვილად ყალიბდება - უკვე ექვსი ასეთი ავიაკომპანიაა დაფუძნებული, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და ყველა მათგანი არის ძალიან წარმატებული  სატვირთო, სატრანსპორტო, საავიაციო გადაზიდვების სფეროში. ვიცე-პრემიერის თქმით, ამას ემატება ქუთაისის მიმართულებით მზარდი ინტერესი სატვირთო გადაზიდვებში ჩართული ავიაკომპანიების მხრიდან და ორი ცენტრი ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას, მითუმეტეს, იმის გათვალსწინებით,  რომ უკვე გვაქვს პირდაპირი კავშირები ისეთ მნიშვნელოვან ცენტრებთან, როგორიცაა ფრანკფურტი, სტამბოლი, ბაქო, ჩინეთის ქალაქები, რაც ხელს უწყობს მომავალში ტვირთნაკადების კიდევ უფრო გაზრდას. 

„კამექს ეარლაინსი“ პირველი კომერციული ფრენის შესრულებას  აგვისტოს მეორე ნახევარში გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტის შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100  მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©