ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გიორგი გახარია ბორჯომის ალუმინის ქილებში ჩამომსხმელი ხაზის გაშვებას დაესწრო
16-06-2017

ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზი ამოქმედდა, რომლის გაშვებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი დაესწრო. გიორგი გახარიამ იტალიური კომპანია CFT-ის მიერ წარმოებული ჩამომსხმელი ხაზი კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურ  დირექტორთან,  ზაზა კიკვაძესთან ერთად დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. 

ახალი ხაზი, რომელიც ბორჯომს 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილებში ჩამოასხამს, სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანიამ ინოვაციური პროექტი  5 მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე განახორციელა.

"კომპანია "ბორჯომი“ ქმნის ახალ სტანდარტს საერთაშორისო ბაზარზე მინერალური წყლის მარკეტინგის მიმართულებით, დღეს ჩვენ ვნახეთ და გავხსენით ახალი პროდუქციის ხაზი, რომელიც ჩამოასხმას ბორჯომს ალუმინის ქილებში. რთულია ბორჯომს ინოვაციური დაუძახო, მაგრამ ამ პროდუქტის მიწოდება და მარკეტინგი არის აბსოლუტურად ინოვაციური. არ არის იმის ახსნა საჭირო, რას ნიშნავს კომპანია "ბორჯომი“ ქართული ექსპორტისა თუ ეკონომიკისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ახალი პროდუქტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის წარმატებას, ასევე ქართულ ექსპორტს. მართლაც კარგი პროდუქტია და დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებებლიც სათანადოდ შეაფასებს ალუმინის ქილაში ჩამოსხმულ ბორჯომს“ – აღნიშნა მედიის წარმოამდგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ.

"IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის, ზაზა კიკვაძის განცხადებით, კომპანიის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ინოვაციური პროექტების განხორციელებაა, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ „ბორჯომის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვაა. "კვლევები, რომელიც ტარდება როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ბაზრებზე,  ცხადყოფდა, რომ ბაზარზე მოთხოვნა იყო ასეთ შეფუთვაზე. ჩვენ ვუპასუხეთ მომხმარებლის მოლოდინებს და დღეს "ბორჯომი“ ალუმინის ქილაში უკვე წარმოებაშია. ალუმინის შეფუთვა გაცილებით ახალგაზრდა 20 – 30 წლის ასაკის მქონე მიზნობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი“ – აღნიშნა ზაზა კიკვაძემ.

მისივე თქმით, ეს ინოვაცია  კომპანიას  საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მიწვდეს და ამით  საქართველოს მინერალური წყლის ბაზარზე ახალი სტანდარტები დაამკვიდროს. "მოგეხსენებათ, მინერალური წყალი "ბორჯომი“ სახელგანთქმული ქართული ბრენდია. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბრენდის განვითარებაზე და ვცდილობთ,  წარმოებაში დავნერგოთ ახალი ტრენდები, რათა საწარმოო პროცესიც და ჩვენს მიერ წარმოებული ბრენდებიც სრულად პასუხობდნენ არსებულ გამოწვევებსა და მსოფლიოში დამკვიდრებულ უმკაცრეს სტანდარტებს. ცხადია, ამით არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ინოვაციების მიმართულებით მუშაობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზრის განვითარებას“ - აღნიშნა "IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ. 

მინერალური წყლის ბრენდი ბორჯომი“ არასტანდარტული და ექსკლუზიური შეფუთვით, 0.33 ლიტრიანი ე.წ. "სლიქ“ ალუმინის ქილა, გაყიდვაში მალე გამოჩნდება. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©