ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2017 წლის იანვარ-ივნისი
01-08-2017
  • წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.6%-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველი კვარტლის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5.1% შეადგინა. 2017 წლის მეორე კვარტლის საშულო ზრდა 4.0%-ს, ხოლო იანვარ-ივნისის საშუალო რეალური ზრდა 4,5%-ს  შეადგენს.
  • 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით იანვარში 20.7%-ით, თებერვალში 14.6%-ით, მარტში 16.7%-ით აპრილში 10,3%-ით, მაისში 17,0 %-ით, ხოლო ივნისში 16.0%-ით  არის გაზრდილი.  
  • მიმდინარე წლის ივნისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: 
    • მშენებლობა - ზრდა 8.8%, წვლილი რეალურ ზრდაში 1.1 პროცენტული პუნქტი;
    • დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა 8.5% , წვლილი რეალურ ზრდაში 0.9 პროცენტული პუნქტი;
    • სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება - ზრდა 13.9%, წვლილი რეალურ ზრდაში 0.3 პროცენტული პუნქტი;
    •  ტრანსპორტი - ზრდა 4.8%, წვლილი რეალურ ზრდაში 0.3 პროცენტული პუნქტი. 
  • 2017 წლის ივნისში მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და აღნიშნული სექტორების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ: 
  • 2017 წლის ივნისში  გაიზარდა: 
    • ფეროშენადნობის ექსპორტი 236%-ით,
    • სპილენძის მადნები და კონცენტრატები 117%-ით, 
    • ღვინის ექსპორტი 71%-ით, 
    • მსუბუქი ავტომობილები 46%-ით, 
    • მინერალური წყლები 16%-ით.

ჩანართი: შეგახსენებთ რომ 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 30.1%-ით გაიზარდა (იანვარში 44.7%-ით, თებერვალში - 12.7%-ით, მარტში 36%-ით, აპრილში 28%, მაისში 25%-ით, ხოლო ივნისში 37.4%-ით).

  • შესაბამისად 2017 წლის ივნისში წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 2.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. რეალური წმინდა ექსპორტი დაახლოებით 11%-ით გაუმჯობესდა. 
  • საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.
  • საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის ივნისში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის: 
    • 17%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 117.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
    • პოზიტიური ტენდენციაა მომსახურების ექსპორტის თვალსაზრისითაც. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. ივნისში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 43%-ით (80.1 მლნ. აშშ დოლარით)  გაიზარდა და 266.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.   
  • მშპ-ს ზრდაზე პოზიტიური გავლენა აქვს კაპიტალური ხარჯების ზრდასაც. ივნისში კაპიტალური ხარჯების მაღალი ზრდა დაფიქსირდა, დაახლოებით 200 მლნ ლარის ოდენობით.  
  • მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია და ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რომელმაც ასევე პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. 
  • ამასთან დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად გაიზრდება კაპიტალური ხარჯების მოცულობა, რაც ასევე დადებითად იმოქმედებს შემდეგი თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©