საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა
01-09-2017

2017 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის. ამ ეტაპზე შეთანხმება ძალაში შევა მხოლოდ საქართველოს, ნორვეგიასა და ისლანდიას შორის. საქართველოს, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინის შორის შეთანხმება ძალაში შევა შვეიცარიისა და ლიხტენშტეინის მიერ შეთანხმების რატიფიცირებიდან 3 თვის შემდეგ.  

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 27 ივნისს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში ქ. ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია).  

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულდა სამ რაუნდში. 

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველუნარიან ბაზარზე.

შეთანხმება მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინტელექტუალური საკუთრება; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრად განვითარება.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©