2017 წლის 28-29 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმი გაიმართება
10-10-2017

2017 წლის 28-29 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი საქართველოს მთავრობის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით ტარდება.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. ფორუმის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები.

აღნიშნულ ფორუმს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მასში მონაწილეობა 34 ქვეყნის ოფიციალურმა პირმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო. 

ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©