თბილისში საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა ჩატარდა
10-10-2017

ტრანსპორტი, სავაჭრო ურთიერთობები, წარმოება, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, გადაზიდვა, საფინანსო სექტორი - ამ მიმართულებებზე საქართველო-ირანის  ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი დაესწრნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 
 
"ჩვენ განვიხილეთ ვაჭრობის სფერო და ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ ავამაღლოთ ორ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. შევთანხმდით, რომ აუცილებელია თანამშრომლობა ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბების მიმართულებით. განვიხილეთ ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიც არის ტრანზიტი, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში სხვადასხვა მექანიზმები, რომ წავახალისოთ ერთობლივი წარმოება, განსაკუთრებით გადამამუშავებელი წარმოება“- განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, 10 წლიანი პაუზის შემდეგ მთავრობათაშორისი  კომისიის სხდომა 2015 წელს პირველად გაიმართა, ორ წელიწადში კი უკვე დაგროვდა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც განხილვას და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვას მოითხოვს. 

კომისიის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და ალი რაბიიმ  ხელი ერთობლივ ოქმს მოაწერეს, რომელშიც მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შედეგებია ასახული. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©