გიორგი გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
16-10-2017

ინოვაციები, ტურიზმი, ტრანსპორტისა და აეროპორტების განვითარება, საჰაერო ფრენები, ქონების მართვა, სტრუქტურული რეფორმები - მათ შორის საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ექსპორტის წახალისება და ბიზნეს სახლის პროექტი - ამ და  სხვა თემებზე, რომელსაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტრო ახორციელებს  და უწყების პასუხისმგებლობის ზონაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

მისი განცხადებით, შეხვედრისას ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.  

"ქონების მართვის მიმართულებით იყო ძალიან ბევრი შეკითხვა. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე და საერთოდ ექსპორტის წახალისების და სავაჭრო დეფიციტის გასწორების სხვადასხვა მექანიზმებზე. ვისაუბრეთ ბიზნეს სახლის პროექტზეც, რომელიც ითვალისწინებს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით კომპანიებისთვის 600 ციფრული სერვისის მიწოდებას, რომელსაც დღეს სხვადასხვა უწყებები აწვდიან კომპანიებს. ვისაუბრეთ იმ ინოვაციებსა და რებრენდინგზე რომელიც დღეს "აწარმოე საქართველოში’’ ხდება, ასე რომ მოვიცავით ყველა ის საკითხი, რაც ეხება სამინისტროს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.  დასრულების  შემდეგ ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა. 

"ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკონომიკის სამინისტროს. ვხედავთ, რომ კერძო სექტორის და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობა რეალურ შედეგებს გამოიღებს, როგორც ეკონომიკის ზრდისთვის, ასევე მომავალში ეკონომიკის განვითარებისთვის" - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე  ნათლად  გამოჩნდა,  რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ხდება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს და შესაძლებლობებს  აძლევს ქართველ მეწარმეებს. 

"ვისოლი ჯგუფის" დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ გაჟღერდა კონკრეტული  სიახლეები და ინოვაციური იდეები. "ვფიქობ, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო დღევანდელი შეხვედრით. საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრების შედეგად უფრო პრაგმატული და ეფექტური ხდება ჩვენი საქმიანობა, ადვილად ხდება პრობლემის გადაწყვეტა და ვიღებთ სრულ ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში და კონკრეტულად, ქვეყნის ეკონომიკაში“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©