ევროკომისია - საქართველო DCFTA-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს
10-11-2017

2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. 

ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის შესაბამისად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროგრესი იქნა მიღწეული სხვადასხვა მიმართულებით. მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშში საუბარია იმ მნიშვნელოვან სექტორებზე, სადაც DCFTA-ს ფარგლებში საქართველომ წარმატებული რეფორმები განახორციელა, კერძოდ:

ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო დაახლოება შესაძლებლობას აძლევს საქართველოს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვში. გატარდა ღონისძიებები ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით: ა) მეტროლოგიის სფეროში მოხდა სათანადო მიკვლევადობის უზრუნველყოფა; ბ) განხორციელდა აკრედიტაციის სისტემის საერთაშორისო აღიარება, რითაც მნიშვნელოვნად იზრდება ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე. გ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების იდენტიფიცირება, რომელიც საჭიროა ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის. 

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფერო - ხაზგასმულია პროგრესი საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რომელიც დაგეგმილ ვადებში განხორციელდა. ასევე აღნიშნულია, რომ 2016 წელს საქართველო გახდა ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის წევრი, რაც ხელს შეუწყობს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ფიტოსანიტარიული კონტროლოს პროგრამის გაუმჯობესებას. ანგარიშში აღიარებულია ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირის ბაზარზე ახალი პროდუქტების შეტანის კუთხით და აღნიშნულია, რომ 2017 წელს ევროკავშირის ბაზარზე თაფლისა და მატყლის შემდეგ  დაშვებულ იქნა ასევე შავი ზღვის თევზიც. 

საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა - ანგარიშში აღნიშნულია ახალი საბაჟო კოდექსის მომზადების კუთხით გაწეული სამუშაო, ასევე, ის ფაქტი, რომ საქართველო მიუერთდა წარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციას, რაც შესაძლებელს ხდის კუმულაციური წარმოშობის წესების ამოქმედებას DCFTA-ის ფარგლებში. საქართველო ახორციელებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ რეფორმებს ევროკავშირის საერთო სატრანზიტო პროცედურებისა და ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენციებთან მიერთების მიზნით. ამ კუთხით, ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს შესაბამისი დაძმობილების (twinning) პროექტის მეშვეობით. ასევე ხაზგასმულია, რომ მომზადების პროცესშია საზღვარზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირში არსებულ წესებთან. აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმებასთან მიერთების კუთხით. 

მომსახურებით ვაჭრობასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო აგრძელებს კანონმდებლობის მიღებას საფოსტო მომსახურების შესახებ. მისი მთავარი მიზანია მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება და უნივერსალური მომსახურების უზრუნველსაყოფად სახსრების მოძიება, რათა დააკმაყოფილოს საფოსტო მომსახურების მომხმარებელთა საჭიროებები. 

ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კუთხით მთავრობა განაგრძობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის განხორციელებას ეკონომიკური და ბიზნეს შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით. 2017 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო კანონი ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ, რომელიც შეესაბამება ელექტრონული იდენტიფიკაციის და სანდო მომსახურებათა შესახებ (eIDAS) ევროკავშირის რეგულაციას.

რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, აღნიშნულია მომზადებული გზამკვლევი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საკანონმდებლო დაახლოების პროცესს ხუთ ეტაპად 2022 წლამდე. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის მარტში, შესყიდვების სააგენტომ ელექტრონულ სისტემაში დანერგა რევერსიული აუქციონის გარეშე ღია ტენდერისა და ორ-ეტაპიანი ტენდერის პროცედურა ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელი კრიტერიუმის გამოყენებით. ასევე ხაზგასმულია საჯარო-კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მომზადების პროცესი. 

ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით აღნიშნულია ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მომზადდა DCFTA-ით განსაზღვრულ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის ბოლოს საქართველომ და ევროკავშირმა განაახლეს DCFTA-ში შემავალი გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალი, რომლითაც 12 ყველის სახეობა და ერთი სპირტიანი სასმელი დაემატა უკვე არსებულ 18 ღვინის გეოგრაფიულ აღნიშვნას.

ტურიზმის მიმართულებით ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ტურიზმი წარმოადგენს ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს, 2017 წელს მისი წილი GDP-ში მიაღწევს 7%. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში. არსებობს მოლოდინი რომ 2017 წელი იქნება კიდევ ერთი წელი როდესაც დაფიქსირდება საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა. იმისათვის რომ შეინარჩუნოს სექტორის სწრაფი ზრდა ტურიზმის სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიებს, რომელშიც ჩართულია საერთაშორისო მედია. ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ხორციელდება ინვესტიციები.

სამეწარმეო კანონმდებლობის კუთხით აღნიშნულია, რომ განხორციელდა რეგულირების გავლენის შეფასება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროექტზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა კანონის პროექტის შედარება შესაბამის ევროპულ დირექტივებთან და ასევე, კანონის პროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასება. 

ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკის განხორციელების კუთხით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2017 წლის აპრილში მთავრობამ დაიწყო სხვადსხვა ღონისძიებების განხორციელება იმისათვის რომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA-ის შესაძლებლობებით სარგებლობას. მთავრობა ასევე გეგმას, რომ შექმნას „ბიზნეს სახლი“ ბიზნესისათვის საჭირო სახელმწიფო სერვისების ერთი სარკმლის პრინციპით მიწოდების უზრუნველსაყოფად. DCFTA-ის შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებისათვის შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი რომელიც წარმოადგენს პლატფორმას საკანონმდებლო და პრაქტიკული ინფორმაციის მიღების მიზნით. ვებ-გვერდი ფუნქციონირებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის მათი ინტერნაციონალიზაციის პროცესის ფასილიტაციისთვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ქართველი მეწარმეების ხელმისაწვდომობას ევროპის მეწარმეთა ქსელზე (EEN). შეიქმნა DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონში. 

ტრანსპორტის სფეროში საქართველოს მთავრობამ მიიღო 2017 წლის სამოქმედო გეგმა გზების უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად. სამოქმედო გეგმა მოიცავს შესაბამის ზომების გატარებას როგორც საკანონმდელო, ისე ტრასპორტის პოლიტიკის გზით, მათ შორის ინვესტირებას საგზაო უსაფრთხოების და ავტომობილების პერიოდული გზაზე ვარგისობის ინსპექტირების შემოღების კუთხით.   

კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების სფეროში აღნიშნულია, რომ 2016 წლის აპრილის თვეში საქართველო გახდა ევროპული პროგრამის „ჰორიზონ 2020“-ის ასოცირებული წევრი. ასოცირებული წევრის სტატუსი შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას ხელი მიუწვდებოდეს პროგრამის ხელშეწყობის მექანიზმებზე, რომელიც გულისხმობს წინასწარი შეფასებას და ორმხრივი სწავლების დავალებებს. 

 

იხილეთ ბმული: https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/35362/association-implementation-report-georgia-joint-staff-working-document_en

 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©