გენადი არველაძე აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა გააცნო
28-11-2017

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ პანელზე „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და  გზის ინიციატივების ფარგლებში“ სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.  მან ფორუმზე სავაჭრო სფეროში ბარიერების მოხსნაზე და სხვადასხვა ქვეყნებთან დადებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შესახებ ისაუბრა.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, აბრეშუმის გზის წინა ფორუმთან შედარებით წელს მასშტაბები გაზრდილია: „დღეს პროექტი სარტყელისა და გზის ინიციატივის სახელწოდებით ხორციელდება. ჩვენ წინ უნდა წამოვწიოთ შემდეგი საკითხები - ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ვაჭრობის ხელშეწყობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ. მნიშვნელოვანი იქნება დისკუსიები და შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ინვესტიციების შესაძლებლობებს განიხილავენ.“

გენადი არველაძემ პანელის მონაწილეებს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ გვაქვს ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ეფუძნება. „ ევროკავშირთან  უკვე ხელი გვაქვს მოწერილი შეთანხმებაზე და ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. ასევე ჩვენ თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებები გვაქვს დადებული.  დღეს გამოაცხადეს, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს ასევე ლიბერალური დაბეგვრის სისტემა აქვს. 

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორებისთვის. ბარიერების მოხსნით იზრდება შესაძლებლობები, რომ  მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა. ჩვენ გვსურს განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე, ჩვენი მიზანია, გავზარდოთ კონკურენტუნარიანობა,   ამისათვის გვჭირდება სარტყელისა და გზის ინიციატივის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა გენადი არველაძემ.  

მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა: „ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ვაჭრობის განვითარება.  ჩვენ გვაქვს დიდი ამბიცია, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განაცხადა, ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სერიოზული ინვესტიციებია  განხორციელებული.“

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა  ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებაც: „ჩვენ გვჭირდება ელექტრონული ვაჭრობის და განბაჟების სისტემების განვითარება, სხვაგვარად ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას და ეკონომიკის ინტეგრირება ვერ მოხდება.  ეს არის სისტემების ჰარმონიზაცია და განსაკუთრებით საბაჟო სისტემების, ამის გარეშე ვერ მოხდება სწრაფი ტრანზიტი. საქართველოში საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ 7 წუთში არის შესაძლებელი, ეს თემა მიმაჩნია ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვნად“, - აღნიშნა გენადი არველაძემ. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©