აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა
28-11-2017

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების და სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობაზე  ისაუბრა აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა.   რამინ გულუზადეს განცხადებით, აზერბაიჯანი დიდ ყურადღებას უთმობს  საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივების საკითხს. 

„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ წელს, 30 ოქტომბერს, ჩვენ სატრანსპორტო  სფეროში გრანდიოზული მოვლენის მოწმენი გავხდით, - გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის საერთაშორისო სარკინიგზო ხაზი.  ამ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერები მონაწილეობდნენ. ამ მარშრუტის  შექმნა აზერბაიჯანის საქართველოს და თურქეთის თანამშრომლობის შედეგია.  ეს პროექტი ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას და  ვაჭრობის გაფართოებას“, - განაცხადა რამინ გულუზადემ. 

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით,  ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ხელს შეუწყობს სამივე ქვეყანაში ეკონომიკის, ტურიზმის, სოციალური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას. რამინ გულუზადეს თქმით, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობით  მრავალი პროექტი განხორციელდება. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©