ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 8 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს
29-11-2017

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ვაზილ ჰუდაკმა საქართველოში გამართული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას დასრულებული და სამომავლო პროექტები გააცნო. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად 8 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება: „2016 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია განვახორციელეთ (1.6 მილიარდი ევრო). ჩვენი მიზანია საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში 8 მილიარდი ევროს კრედიტი გამოვყოთ“.

ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები სხვადასხვა სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათ შორისა სატრანსპორტო უსაფრთხოება და ეკონომიკური კავშირები.

„სიმბოლურია, რომ ფორუმი საქართველოში იმართება. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყანაა, ეს არის მზარდი სახელმწიფო, რომელიც მოდერნიზაციას და ტრანსფორმაციას განიცდის. ჩვენ გრძელვადიანი ინვესტორები ვართ და ინვესტიციას მხოლოდ სტაბილურ, მომავლის მქონე ქვეყნებში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.  

ვაზილ ჰუდაკმა გამოსვლაში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოში  ათწლიანი საქმიანობა შეაჯამა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 21 პროექტი 1,6 მილიარდით დაფინანსდა: „ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ საქართველომ გააფართოოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირელი დერეფანი  და გახდეს ეკონომიკური და ბიზნეს ჰაბი. მჭიდროდ ვმუშაობთ აზიის ინვესტიციების ბანკთან. საქართველოში 114 მილიონის ღირებულების ბათუმის შემოვლითი გზის პროექტია დამტკიცებული. სატრანსპორტო პროექტების განვითარების მიზნით ევროპის საინვესტიციო ბანკს  3 დიდი პროექტი აქვს, რომლის ღირებულება 750 მლნ. ევროა. ეს პროექტები ხელს უწყობს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის გაუმჯობესებას“ - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.  

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დავესწარით. ეს სამიტი იყო ამ რეგიონის, განსაკუთრებით კი საქართველოს ევროპული ხედვის კიდევ ერთი დადასტურება.  ეკონომიკური და სოციალური განვითარება და ტრანსფორმაციის  ხელშეწყობა ჩვენი ერთობლივი საქმიანობის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთ სამეზობლოს კეთილდღეობა, სტაბილურობა უზრუნველყოს“.  


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©