დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორებს ეკონომიკის სამინისტროს ღია ტენდერებში მონაწილეობისკენ მოუწოდა
29-11-2017

თბილისის აბრეშუმის ფორუმზე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის სექტორებზე, რომლებიც ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია და ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მოუწოდა ინვესტორებს, დაინტერესდნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ღია ტენდერებში. „თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ტენდერები ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენ გამოვაცხადეთ მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და განაცხადა, რომ ჯამში 170 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების შესაძლებლობა არსებობს. მთავრობას თბილისისა და ქუთაისის სიახლოვეს ლოგისტიკური ცენტრების ასაშენებლად, შესაბამისად, 80 და 70 ჰა მიწის ფართობის გამოყოფას გეგმავს. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა იმ ინსტურმენტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარებისთვის შეიმუშავა. ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტად მან დაასახელა საპარტნიორო ფონდის გარანტიების გაცემის მექანიზმი. 

„ჩვენ ბევრი ინსტრუმენტი შევქმენით 2016 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით გამოვყოფ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნულ პროგრამას წარმატებული უწოდა. მან ასევე დაასახელა პროგრამები „უმასპინძლე საქართველოში“, „გადაიღე საქართველოში“ და სხვ. 

გარდა ამისა, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ასევე არსებობს საპარტნიორო ფონდი.
 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©