დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინელ ინვესტორთა ჯგუფს მსხვილი საინვესტიციო პროექტები გააცნო
04-12-2017

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ჩინეთიდან პოტენციურ ინვესტორთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომელთაც საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ინტერესი გამოხატეს. 

პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას, მათ საკუთარ წინადადებებზე ისაუბრეს და მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ქვეყნის ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სექტორებში. 

„ჩინელ ინვესტორთა ჯგუფმა გამოხატა დიდი ინტერესი, საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ და ეკონომიკური ზონაში განახორციელოს ინვესტიცია. საუბარია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის კაპიტალზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ჩინელ ინვესტორებს ინდუსტრიული ზონის მშენებლობა აქვთ დაწყებული ომანის სასულთნოში, სადაც ჩინეთის სახელმწიფო ინვესტიციის მოცულობამ 10 მლრდ აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩინელ ინვესტორებთან კონკრეტული პროექტების განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.   

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©