გენადი არველაძე საქართველოში ახალი ზელანდიის ელჩს შეხვდა
13-12-2017

2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და საქართველოში ახალი ზელანდიის ელჩ მერი პატრიცია თურსტონს შორის.

შეხვედრის მსვლელობისას მინისტრის მოადგილემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ. ასევე, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული  რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ, რაც თავის მხრივ მოიცავს  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში პროფესიული განათლების ცენტრების შექმნას, კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად, მოგების გადასახადის რეფორმას და სხვა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროს მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთერთი წამყვანი დარგის და ამ მიმართულებით შემუშავებულ სამთავრობო სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის 11 მილიონიან ნიშნულამდე მიღწევას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში. ამ კუთხით, ქართულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება გაიზიაროს საუკეთესო გამოცდილება ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორში განხორციელებული ინიციატივების (რეფორმების) და მათი პოზიტიური შედეგების შესახებ. 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საკამოდ მწირია,  მხარეებმა გამოთქვეს  დაინტერესება გაფორმდეს ეკონომიკური ხასიათის შეთანხმება, რომელიც შექმნის სამართლებრივ საფუძველს სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©