გენადი არველაძე საქართველოში გვატემალის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
13-12-2017

2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და საქართველოში გვატემალის რესპუბლიკის ელჩ ლარს პირა პერეზს შორის.

შეხვედრის მსვლელობისას მინისტრის მოადგილემ ელჩს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ. ასევე, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ, რაც თავის მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, განათლების რეფორმას, საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში პროფესიული განათლების ცენტრების შექმნას, კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად, მმართველობის რეფორმას და სხვა. 

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროს მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგის და ამ მიმართულებით შემუშავებულ სამთავრობო სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის 11 მილიონიან ნიშნულამდე მიღწევას. მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე.

ასევე, განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის დღესდღეობით ძალიან მწირია, ხოლო ინვესტიციები საერთოდ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მინისტრის მოადგილემ ბ-მა გენადი არველაძემ შესთავაზა ელჩს ეკონომიკური ხასიათის შეთანხმების გაფორმება, რომელიც შექმნის სამართლებრივ საფუძველს სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად ითანამშრომლონ მომავალში და ეფექტურად გამოიყენონ ორივე ქვეყანაში არსებული პოტენციალი. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©