დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბელარუსს ეწვია
31-01-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.  ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ბელარუსის პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან.

გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მუშაობაში, რომლის დასრულების შემდეგაც სხდომის პროტოკოლს მოეწერება ხელი. ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მიხაილ რუსის ერთობლივი ბრიფინგი ბელარუსის მედიისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აგრეთვე გამართავს შეხვედრებს ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის უნივერსიტეტში, კომპანიაში „მინსკ კრისტალი“, ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკში „Великий Камень“, აგროგაერთიანება „ოზერნეცკი-აგრო“ და აგროტურისტული კომპლექსი „თეთრი ლოსი“.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის ვლადიმერ ვაშჩენკოსა და ბელარუსელი მაშველების დაჯილდოება ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გაწეული დახმარებისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. 

საქართველოში პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 1 თებერვალს დაბრუნდება.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©