დიმიტრი ქუმსიშვილი: „თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ბიზნესს ექსპორტის 20 პროცენტით გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა“
21-02-2018

„ჩემს კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში. საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ცოცხალი პირუტყვი, მათ შორის, მსხვილფეხა საქონელი, აგრეთვე ცხვარი და თხა. საუბარი ასევე გვქონდა ქართულ თაფლზე, აგრეთვე სხვა ისეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე, რომლებსაც თურქეთის  ბაზარზე პირველად შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ნიჰათ ზეიბექჩისთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების მიმართულებით მოლაპარაკების ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ.

მოლაპარაკება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მოლაპარაკების შედეგად, თურქეთის მხარე დათანხმდა, გარკვეულ ქართული წარმოშობის პროდუქციაზე გააუქმოს სატარიფო ბარიერები და შეზღუდვები საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტებზე, ან გაზარდოს არსებული კვოტის მოცულობა.

„თურქეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. სავაჭრო ბრუნვა 1,5 მილიარდ დოლარზე მეტია და აქედან, ჩვენი ექსპორტი თურქეთში 200 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს. ამდენად, მოლაპარაკებების შედეგები თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექსპორტიორებისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოება ასევე გულისხმობს სერვისებით ვაჭრობის მიმართულებასაც, რაც აქამდე არ იყო გათვალისწინებული არსებული შეთანხმებით. სერვისებით ვაჭრობის მიმართულებით მოლაპარაკებები თურქეთის მხარესთან გაგრძელდება.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©