დიმიტრი ქუმსიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დამტკიცებული პროექტებით 16 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება“
22-02-2018

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის თავისუფლება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, განსაკუთრებით რეგიონებში, ამას ვადასტურებთ იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე დამტკიცებულია 335 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა  815 მლნ ლარზე მეტია, კომერციული ბანკების მიერ გაცემული  სესხების რაოდენობა კი 419 მლნ ლარს აჭარბებს.

„დღეს არსებული სტატისტიკით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ხელშეწყობით 13 300 მეტი ახალი სამუშაო ადგილი იქმნება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ციფრებს დღეს კიდევ 3000 ადამიანი დაემატება, რომლებიც არიან ამ საწარმოს მთავარი მამოძრავებლები, რადგან ქმნიან ხარისხიან, კონკურენტუნარიან პროდუქტს. მე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო ახალი საწარმოს ყველა თანამშრომელს და ვუსურვო მათ წინსვლა და წარმატებები" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს “აჭარა ტექსტილი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური და ინფრასტრუქტურული კომპონენტით სარგებლობს. შესაბამისად, საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფოსგან კომპანიას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა მიწის ნაკვეთი, ხოლო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის მოცულობა 9 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 1 600 000 ლარია. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 38 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ზემოთხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი  80 მლნ ლარია.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©