დიმიტრი ქუმსიშვილი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
27-02-2018

„სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ ინვესტიციები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის  ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა პროცესი თავიდან ბოლომდე სწორად არის აწყობილი და წარმატებულ შედეგს ვიღებთ", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. 

მისი თქმით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა ღია აუქციონი საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის მოთხოვნა იყო სულ მცირე 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 25 მილიონი ლარის ინვესტირება. 

„დღეს კი სახეზე გვაქვს სასტუმრო 152 ნომრით, რომელშიც 14 მილიონი დოლარია ინვესტირებული. დღეის მდგომარეობით, სასტუმროში დასაქმებულია 100 ადამიანი, თუმცა მომავალში კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ სამუშაო ადგილების ზრდა და სასტუმროების მშენებლობა აქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის  ციფრებში გამოხატული შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. 

„2017 წელს შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ტურისტი იყო. უახლოესი მიზანია 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. სწორედ ეს გვიბიძგებს ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის და სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა ინვესტორებისა და ჩვენი ქვეყნისთვის“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

აღსანიშნავია, რომ 2015-2017 წლების განმავლობაში, საქართველოში გაიხსნა 200-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 13 700-ზე მეტი საწოლი ადგილით; ხოლო 2018-2019 წლების განმავლობაში იგეგმება 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა, 22 200-ზე მეტი საწოლი ადგილით.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანია „m2 უძრავი ქონების“ პროექტია. სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-მ დააფინანსა, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორის ხელშეწყობის კუთხით. 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©