საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ესპანური ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
09-03-2018

5-7 მარტს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გაიმართა, რომლის ფარგლებში შედგა შეხვედრები ქალაქ ვალენსიის მერთან, ვალენსიის ავტონომიის კორტესის თავმჯდომარესთან, ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. 

ვიზიტის ფარგლებში, 5 მარტს საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ესპანური კომპანიების „Ortiz & Asociados“-ისა და „GEES iberia“-ს ორგანიზებით, გამართულ შეხვედრაში, რომელსაც 150-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ისინი წარმოადგენდნენ ეკონომიკის ისეთ სექტორებს, როგორიცაა მრეწველობა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, ა.შ. 

შეხვედრაზე ესპანური ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე მისალმებით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.

ესპანური ბიზნესის წარმომადგენლების დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მათ შორის, ინფორმაციამ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, მსოფლიოს დიდ ბაზრებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას შეეხებოდა. 

აღნიშნული პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უფროსმა საინვესტიციო მრჩეველმა გიორგი ედილაშვილმა ჩაატარა. ესპანური ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საპარტნიორო ფონდის და მისი საინვესტიციო პროექტების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ესპანეთის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან „Primaflor“, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები აქვს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის დაწყების ინტერესი გამოთქვეს. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©