2017 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა
12-03-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2017 წელს  ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო - 304.3 მლნ. აშშ დოლარით (16.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორები 294.6 მლნ. აშშ დოლარით (15.8 პროცენტი).  

„საქსტატის“ ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან განხორციელდა (25.9 პროცენტი - 482.1 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდის თურქეთი (15.0 პროცენტი - 279.0 მლნ აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო (13.4 პროცენტი - 250.4 მლნ აშშ დოლარი). 

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ოპერირებისა და ბიზნეს საქმიანობის გასაფართოებლად.  

2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129.6 პროცენტიანი ზრდა (401.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ. მისი შეფასებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდასა და პოზიტიურ მოლოდინებზე ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©