დიმიტრი ქუმსიშვილმა მიხაელ რუსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
21-03-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მიხაელ  რუსის შეხვდა.  შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბელარუსის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, რომელიც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას. 

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორმხრივი ქართულ-ბელარუსული პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოში ლიფტების ამწყობი საწარმოს ამოქმედებას შეეხება. აღინიშნა, რომ პროექტის ამოქმედება შესაძლებელი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილიოვლიფტმაშის“ და მისი ქართველი პარტნიორის „SIS Business Service” ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აღინიშნა, რომ ფორუმზე რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. 

აღინიშნა, რომ 2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა 91 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტმა საქართველოდან 47 პროცენტით მოიმატა. ამის მიუხედავად, მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და ამ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება განვითარება. 

შეხვედრაზე გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გახსნება სპეციალური მაღაზია, სადაც მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება. მსგავსი ფორმატის სავაჭრო ცენტრები საქართველოში უკვე მოქმედებს. ბელარუსული მხარის ინფორმაციით, მინსკში 1200 კვ.მ. ფართობზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი, რომელიც ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებს, აგროსამრეწველო და სხვა სასურსათო პროდუქციას გაყიდის. 

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ბელარუსში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას.
 
ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. 2018 წლის იანვარ-თებერვალში ბელარუსიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19 პროცენტით გაიზარდა. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე მედიცინისა და ფარმაკოლოგიის კუთხით. კერძოდ, საუბარია კოოპერაციაზე ტრანსპლანტოლოგიის სფეროში, აგრეთვე მედიკამენტების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოების დაფუძნებაზე.   

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინოვაციების, კომუნიკაციებისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით. 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაა, რომელიც შეძლებს, უზრუნველყოს შესაბამისი კონკურენტული ფასები და მოგვცეს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას ერთობლივი ბიზნეს პროექტების განვითარებისა და ზოგადად, ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©