სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
16-04-2018


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია ჩვენს პროგრამაში სავალუტო ფონდთან. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა საქართველოში და გრძელდება 2018 წელს, მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს, პირადად, ქალბატონ მერსედეს ვერა–მარტინს გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგისთვის. მისი თქმით, „პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში“. 

„მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებაზე, კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებზე.  „2017 წელს ჩვენ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამის დაწყების პერიოდისათვის არსებულ პროგნოზებს“.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველ როლს კერძო სექტორი ასრულებს. ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში წლიურად 19 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება საგარეო შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა. „აღნიშნული შეფასების გაკეთების საშუალებას გვაძლევს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა.  2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა. „2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით  16.2 პროცენტით გაიზარდა. კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ, რაზეც რეინვესტირების შთამბეჭდავი ზრდა მიანიშნებს“. 

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მნიშვნელოვნად - 129.6 პროცენტით გაიზარდა   რეინვესტირების მოცულობა და 712 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეინვესტირების დონის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას,  გადასახადების ნაცვლად თანხები მიმართონ ახალ ინვესტიციებში, გააფართოვონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

„პოზიტიური დინამიკა სახეზეა მიმდინარე წელსაც. თებერვალში წინასწარი შეფასებით ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაჩვენებელი 5.5 პროცენტი, ხოლო იანვარ-თებერვალში 4.9 პროცენტია. დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 28 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©