გიორგი ქობულია არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
18-10-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს საქართველოში ისა ალ ბაშა ალ ნოაიმს შეხვდა, რომელიც თავის მოვალეობას საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე სამომავლო პრიორიტეტებზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად,  პოტენციალი ძალიან დიდია. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს 2018 წლის 12 სექტემბერს საამიროების საელჩოს გახსნა საქართველოში.  
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა ინტერესი, რომ დაიწყოს დისკუსიები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან, რომლის წევრიც არის არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღინიშნა, რომ მზარდი ვაჭრობის მიუხედავად, მსგავსი შეთანხმების არსებობა ყურის ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ყურის ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოში ინვესტიციები განახორციელა და დღესაც ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად რჩება. საამიროებს დღემდე ჯამურად, 900 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რათა არაბთა გაერთიანებული საემიროებთან გაღრმავდეს თანამშრომლობა ამ მიმართულებით. 

ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. ითქვა, რომ საემიროები მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის და სასურველია, თანამშრომლობის გაღრმავება ამ სფეროში. ასევე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. საამიროების ორი ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით კვირაში 21 რეგულარული რეისი სრულდება. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©