მარიკა გაბუნია - ჩვენი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით
19-10-2018

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიკა გაბუნიამ. მისი თქმით, ქართული პროდუქტი სულ უფრო მეტ ახალ საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს, რისი შედეგიცაა 2018 წლის 9 თვის მონაცემები, რომლის თანახმადაც ექსპორტის ზრდა გვაქვს დაახლოებით 25.7%. 

მარიკა გაბუნიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მატებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, კერძოდ, მისი ინფორმაციით, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი დაახლოებით 80%-ით არის გაზრდილი; 63%-იანი ზრდაა  უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის შემთხვევაშიც; ცხვრის ხორცის ექსპორტი, რომელიც ახალი პროდუქტია ჩვენი ბაზრისთვის, დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი. ასევე ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

მარიკა გაბუნიას განცხადებით, „აღსანიშნავია, რომ იზრდება არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო პროდუქციის ექსპორტიც. მაგალითად მინდა აღვნიშნო, რომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტის 30%-იანი ზრდა გვაქვს. გაორმაგებულია სამედიცინო ხელსაწყოების ექსპორტი, რომელიც ასევე ბოლო პერიოდში გამოჩნდა როგორც საექსპორტო პროდუქცია და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით.“ 

„საქსტატის“ თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მსუბუქი ავტომობილების (87.1%), სიგარების და სიგარეტების (5-ჯერ მეტად), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (20.3%),  ფეროშენადნობის (14.9%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (19.3%), და აზოტოვანი სასუქების  (30.4%) ექსპორტი.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტი  ევროკავშირის ქვეყნებში 13.2%-ით გაიზარდა და 533.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების გარდა ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანში (104.4%) , სომხეთსა (34.5%), და უკრაინაში (60.4%).


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©