ეკონომიკის სამინისტროსა და ჩოგბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
23-11-2018

23 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტურიზმის სფეროს განვითარებას, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებასა და ზოგადად სპორტის მიმართულებით პროექტების განხორციელებას შეეხება.  ამ მიზნით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მზიურის საჩოგბურთო კორტები  2017 წლის 13 ივნისს ფედერაციასა და ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 49 წლამდე გაეზარდა. 

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაზე მისულ სტუმრებს მიესალმნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი. 

მემორანდუმს ხელი მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, ფედერაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე მეტრეველმა მოაწერეს.  

ხელმოწერის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჩოგბურთის განვითარებას ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც. მისი თქმით, ჩოგბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. ამდენად, ჩოგბურთის ტურნირები და ჩემპიონატები დიდ ინტერესს ტურისტებში იწვევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჩოგბურთის განვითარება რეგიონებშიც გაგრძელდება. 

მზიურის საჩოგბურთო კორტები 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა. კომპლექსი აერთიანებს 7 ღია და 4 დახურულ კორტს, ხოლო ტრიბუნა გათვლილია 800-მდე მაყურებელზე. 
 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©