ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიმდინარე პროექტები

სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირების გაუმჯობესებას, ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა

მიზანი: ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა შექმნის ხელსაყრელ პირობებს მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური ცენტრებისა და ინდუსტრიული ზონის განვითარებისათვის. ახალი პორტის მშენებლობა დამატებითი ღირებულების მომსახურების განვითარების საშუალებას იძლევა, რაც დიდად გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოს ტერიტორიაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტს ექნება დიდი პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური გავლენა დასავლეთ საქართველოში, რამდენადაც შეიქმნება  ათასობით ახალი სამუშაო ადგილი.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group).

განხორციელების პერიოდი: პროექტი პირველი ფაზის მშენებლობის სავარაუდო ვადები: 2017-2020 წწ.დამატებითი ინფორმაცია: სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. ანაკლიის ნავსადგურს ექნება შემდეგი უპირატესობები: 1. სტრატეგიული მდებარეობა; 2. შესაძლებლობა მიიღოს დიდი ზომის გემები (მაგ. პანამაქსი); 3. მომსახურების მიღება „ერთი გაჩერების“ პრინციპით; 4. სწრაფი და მარტივი პროცედურები; 5. წლის ნებისმიერ პერიოდში უსაფრთხო ნაოსნობის შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს გამოცხადდა მოწვევა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარებისთვის ინტერესთა გამოხატვის შესახებ. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს.  პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 2,5 მილიარდ დოლარს, აქედან 586 მილიონი ინვესტირებულ იქნება პირველი ფაზის მშენებლობისას. სახელმწიფო ინვესტორს გრძელვადიანი იჯარით გადასცემს 1000 ჰექტარ მიწის ნაკვეთს და უზრუნველყოფს პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას (ზემოხსენებულის ჯამური ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარია). ნავსადგური აშენდება 9 ფაზად და მისი წლიური გამტარუნარიანობა საბოლოო ჯამში მიაღწევს 100 მილიონ ტონა ტვირთს.  სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებას პორტის მიმდებარე ტერიტორიისთვის. მოლაპარაკებები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გაიმართება დამატებით.
 


ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა

მიზანი: აღნიშნული პროექტის განხორციელება შექმნის აზია-ევროპის დამაკავშირებელ ალტერნატიულ სარკინიგზო მარშრუტს, რაც თავისთავად გულისხმობს ისტორიული აბრეშუმის გზის, იგივე TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ახალ იმპულს, რომელიც გაამყარებს საქართველოს პოზიციას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან მარშრუტს.

დაფინანსების წყარო: აზერბაიჯანის რესპუბლიკა

განხორციელების პერიოდი: 2007-დღემდე

დამატებითი ინფორმაცია: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180კმ. სიგრძის  სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა, რომელიც შედგება: მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან - საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი-თურქეთის საზღვარი - 27კმ. სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან.

2015 წლის 28 იანვარს მარაბდიდან-კარწახამდე განხორციელდა სატესტო მატარებლის გატარება. ასევე 2015 წლის 11 დეკემბერს, შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზამ" და "აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალმა ერთობლივად განახორციელეს ორგანიზებული სატვირთო მატარებლის საცდელი გატარება მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე. 

დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 80%. 
 


ლოგისტიკური ცენტრების განვითარება 

მიზანი: ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. 

დამფინანსებელი ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი

განხორციელების პერიოდი:  მიმდინარე

დამატებითი ინფორმაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებს საქართველოში ლოგისტიკის დარგის განვითარებას. ზემოხსენებული კომპონენტის ერთ-ერთ ძირითად აქტივობას წარმოადგენს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება საქართველოში მინიმუმ 2 თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება. საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის მიზნით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში  გამარჯვებულ კომპანიად შეირჩა Dornier Consulting International. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზად იქნება 2017 წლის აპრილისათვის, რის საფუძველზეც გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევის მიზნით.



საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია

მიზანი - ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევბის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირება

დამფინანსებელი ორგანიზაცია - სახელმწიფო ბიუჯეტი და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები

განხორციელების პერიოდი - სტატეგია 2016-2030 წლები, სამოქმედო გეგმა  2017 წელი

დამატებითი ინფორმაცია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე–4 პროექტის (EWHIP-IV) ფარგლებში, დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით 2015 წელს მომზადდა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია. სტრატეგია წარმოადგენს გრძელვადიან პერიოდში (2016-2030 წლები) სახელმწიფოს ხედვას საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების თაობაზე  ბენეფიციარი სამინისტროების, უწყებების და დაინტერესებული მხარეების მიერ საერთო პასუხისმგებლობით. აღნიშნული სტრატეგია დამტკიცებული იქნა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვრა  საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე მაკოორდინირებელ უწყებად და მასვე დაევალა (სტრატეგიაში მითითებული სხვა სამინისტროებისა და უწყებების თანამონაწილეობით) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიისა და ეროვნული  საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შექმნა და მათი დებულების დამტკიცება, რაც განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის № 1-1/536 ბრძანებით.

2016 წლის ბოლოს შემუშავებულ იქნა საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულ იქნა 2016 წლის 29 დეკემბრის №2711 მთავრობის განკარგულებით. სამოქმედო გეგმა მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვის და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას.
 


შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა

მიზანი: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რაც ხელ შეუწყობს მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდას;   ჩამომფრენი მგზავრების ცალკე სივრცეში, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურება.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შპს ტავ ურბან საქართველო

განხორციელების პერიოდი : 2016-2017

დამატებითი ინფორმაცია  ახალ ტერმინალში განთავსდება ბარგის მიმღები დამატებითი ლენტები, რაც უზრუნველყოფს მგზავრებისათვის ბარგის დროულად მიწოდებას. ახალი ტერმინალის პროექტი ითვალისწინებს გამფრენი მგზავრებისათვის ფლიგელის დამატებას, სადაც ასევე მოეწყობა 2 საჰაერო ხომალდთან დამაკავშირებელი საჰაერო ხიდი. თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის ტერმინალის წინ მოეწყობა ახალი სადგომი საჰაერო ხომალდებისათვის. განსაზღვრულია ახალი ბაქანი.  ჩამოფრენის ტერმინალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, არსებული ტერმინალი მოემსახურება მხოლოდ გამფრენ მგზავრებს, რაც ხელს შეუწყობს აეროპორტის გამტარუნარიანობის მნიშვნელოვნად ამაღლებას და მათ შორის, მგზავრებისათვის ბარგის დროულად მიწოდებას. 
 


საჰაერო მოძრაობის კონტროლის ავტომატიზებული (ATC) სისტემა

მიზანი - პროექტი მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის კონტროლის ავტომატიზებული მართვის არსებული სისტემის (SELEX) განახლებას/შეცვლას. 

დამფინანსებელი ორგანიზაცია - შპს „საქაერონავიგაცია“.
განხორციელების პერიოდი - 2014 წლის დეკემბერი - 2017 წლის დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია - 2015 წლის 10 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ ესპანურ კომპანიასთან (Indra Systemas, S.A.). 2015 წლის დეკემბერში დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული პირველი ეტაპი, მოწონებულ და მიღებულ იქნა ავტომატიზებული მართვის სისტემის დიზაინის დოკუმენტი (System Design Document). ამჟამად მიმდინარეობს ქარხნული ტესტირება (FAT).
 


ხმოვანი საკომუნიკაციო სისტემის დანერგვა

მიზანი - ხმოვანი კავშირის სისტემის დანიშნულება არის საჰაერო მოძრაობის მართვის კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა და მისი შესყიდვა განპირობებულია საჰაერო მოძრაობის კონტროლის ავტომატიზებული მართვის სისტემის განახლებით. 
ხმოვანი საკომუნიკაციო სისტემის სამუშაო ადგილები განლაგებული იქნება საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრში, როგორც მარშრუტზე, აგრეთვე მისადგომზე, და აეროპორტის საკონტროლო კოშკურაზე და უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების მხარდაჭერას: 

  • მიწისზედა/ჰაერი კავშირი (რადიოკავშირი) საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებსა და საჰაერო ხომალდების მფრინავებს შორის;
  • მიწისზედა/მიწისზედა კავშირი (რადიოკავშირი, სატელეფონო კომუნიკაცია, პირდაპირი კავშირი, სატელიტური კომუნიკაცია) საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებს შორის და საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებსა და სხვასხვა პერსონალს შორის კოორდინირებისთვის.

დამფინანსებელი ორგანიზაცია - შპს „საქაერონავიგაცია“

განხორციელების პერიოდი - 2016 წელი - 2017 წელი
დამატებითი ინფორმაცია - გენერალური დირექტორის ბრძანებით შექმნილია სატენდერო კომისია და გამოცხადებულია ტენდერი საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად. 



თანამგზავრის მეშვეობით საჰაერო ხომალდებზე დაკვირვების ავტომატიზებული სისტემის(ADS-B) დანერგვა

მიზანი - ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა უკეთესად იქნას აღქმული საჰაერო ხომალდის მოძრაობა, როგორც მფრინავის, ასევე ავიამეთვაყურის მიერ. მკვეთრად გაზრდის ფრენების უსაფრთხოებას და შესაძლებლობას მოგვცემს უკეთესად გავაკონტროლოთ ტრანზიტის ქვედა საჰაერო სივრცე მთლიანად საქართველოს, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების ზონაში და მთიან რეგიონებში.

დამფინანსებელი ორგანიზაცია - შპს „საქაერონავიგაცია“

განხორციელების პერიოდი - 2015 წლის ნოემბერი - 2018 წლის დეკემბერი 

დამატებითი ინფორმაცია - 2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან (Indra Systemas, S.A.). აღნიშნული ტექნოლოგია 2013 წელს დაინერგა ფოთსა და ქუთაისში, ხოლო 2015 წლის იანვარში მისი ინსტალირება მოხდა ასევე ბათუმში. იგეგმება ასევე ოთხი მორიგი სადგურის - გუდაურის, ბაკურიანის, წნორის და "1100" სანავიგაციო ობიექტებზე განთავსება და თბილისის და ქუთაისის ორი დამატებთი სერვერით უზრუნველყოფა.

გენერალური დირექტორის ბრძანებით შექმნილია სატენდერო კომისია და გამოცხადებულია ტენდერი საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად. 



დასავლეთ საქართველოს რეგიონისთვის ახალი მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგურის შეძენა და დანერგვა

მიზანი - აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს ფრენების მეტეოუზრუნველყოფას და გაზრდის ფრენის უსაფრთხოების ხარისხს.

დამფინანსებელი ორგანიზაცია - შპს „საქაერონავიგაცია“

განხორციელების პერიოდი - 2016 წლის ივნისი - 2018 წლის წლის ნოემბერი

დამატებითი ინფორმაცია - მეტეოროლოგიური მონაცემების სიზუსტისა და სისწორის უზრუნველსაყოფად სინოპტიკოსს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ასაფრენ/დასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის არეალში მყოფ მეტეოროლოგიური პროცესების მაქსიმალური ვიზუალური დაკვირვების საშუალება, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ფრენების უსაფრთხოება. მეტეორადარის ინსტალაცია წარმატებით განხორციელდა 2015 წლის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში. მოცემული პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ანალოგიური მეტეორადიოლოკაციური ინფორმაციით უზრუნველყოფას.

გენერალური დირექტორის ბრძანებით შეიქმნა სატენდერო კომისია, გამოცხადდა ტენდერი საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, რომელმაც გამოავლინა გამარჯვებული კომპანია - Enterprise Electronics Corporation (აშშ). 12 ოქტომბერს 2016 წელს დადებულია ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. პროექტის შესრულების ვადა - 18 თვე. 



პროექტი - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” (TW GE19)

მიზანი - ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფა და მისი ევროკავშირის მოხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც გააადვილებს ევროპული რეგულაციების დანერგვასა და განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურული და ინსტიტუციონალური გაძლიერება.

დამფინანსებელი ორგანიზაცია - ევროკავშირი, საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) ინსტრუმენტი

პერიოდი - 2015 წელი - მიმდინარეობს

დამატებითი ინფორმაცია - პროექტის ფარგლებში ხორციელდება: ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად განახლებული რეგულაციების იდენტიფიცირება; განახლებული ევროპული სამოქალაქო ავიაციის მოთხოვნების შესაბამისად, სამართლებრივი მექანიზმებისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ჩამოყალიბება სწრაფი დანერგვის პროცედურის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, იმოქმედოს დროულად და ეფექტურად; პროგრესის მონიტორინგის განგრძობადი სისტემის ჩამოყალიბება.



პროექტი - „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის შესახებ“

მიზანი - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გარდაქმნა ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის სტანდარტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეროვნული ორგანოდ, სააერნაოსნო მომსახურების კუთხით მაკონტროლებელი ფუნქციების სრულფასოვანი განხორციელება, სპეციალისტების შესაბამის მომზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

დამფინანსებელი ორგანიზაცია - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL)

განხორციელების პერიოდი - 2011 წელი - მიმდინარეობს
დამატებითი ინფორმაცია - ორგანიზაცია სააგენტოს ეხმარება სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ეროვნული ორგანოსთვის დელეგირებული საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტურ და სრულფასოვან დანერგვაში შემდეგი მიმართულებებით: ევროპული ერთიანი ცის (SES) დანერგვა; საჰაერო სივრცის მართვა და მოქნილი სარგებლობა (FUA); სანავიგაციო სისტემების ურთიერთთავსებადობა; სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური მონაცემების (TOD) მიწოდებაზე ზედამხედველობა; საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვა.

ტექნიკური დახმარების პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის მიზანი: მონაწილე ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა, პანევროპულ საჰაერო სივრცეში ეფექტური ფუნქციონირების, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დანერგვისა და კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოების კუთხით, კანონმდებლობისა და სამუშაო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტებთან, ICAO-სა და EASA-ს აუდიტების შენიშვნების გამოსწორება და ა.შ.

დამფინანსებელი ორგანიზაცია:  ევროკავშირი

განხორციელების პერიოდი -  2016 წელი-2020 წელი

დამატებითი ინფორმაცია - პროექტს უშუალოდ ახორცილებს     ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო (EASA) 

დასრულებული პროექტები

ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის მშენებლობა

მიზანი: რეგიონების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის ხელშეწყობა.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“

განხორციელების პერიოდი: 2016-2017
დამატებითი ინფორმაცია: ამბროლაურის ახალი აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება, ხოლო პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღებისა და ტერმინალის გაფართოების შესაძლებლობაც.. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016 ©