გიორგი ქობულია გემთმშენებელი კომპანია Damen Shipyards-ის თავმჯდომარეს კომერ დამენს შეხვედა
22-01-2019

შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ნიდერლანდური კომპანიის Damen Shipyards-ის თავმჯდომარეს კომერ დამენს შეხვდა. 

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების ერთ-ერთი უმსხვილესი გემთმშენებელი კომპანიის Damen Shipyards-ის ხელმძღვანელთან. კომპანია დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროები გახსნას. ეს დაგვეხმარება დავასაქმოთ ჩვენი მოქალაქეები აღნიშნულ სექტორში, ასევე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, გააჩნია“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ კომერ დამენთან შეხვედრის შემდეგ. 

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი,განხილული იყო საქართველოს საზღვაო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება საკუთარ ნავსადგურებში ახალი ინვესტიციების შემოსვლას, რომლის მიზანსაც საპორტო და სანაოსნო მომსახურების განვითარება წარმოადგენს. 

შეხვედრაზე Damen Shipyard-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით და განიხილავს აღნიშნულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას. გამომდინარე იქიდან, რომ Damen Shipyard მსოფლიოში ცნობილი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში მაღალხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ადგილობრივი საკადრო რესურსის გადამზადების აუცილებლობაზეც, რაც, პერსპექტივაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია.  

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და მსხვილ ნიდერლანდურ კომპანიას შორის მომავალში გაგრძელდება.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©