გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს 2019 წლის სამოქმედო გეგმა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო
13-02-2019

13 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. 

მინისტრმა დეტალურად გაამახვილა ყურადღება ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებზე. მათ შორის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებასა და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. 

გიორგი ქობულიამ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სექტორებზე, რომელთა განვითარებაც პრიორიტეტულია საქართველოს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკაზე, სადაც მიმდინარეობს გენერაციის ობიექტების განვითარება და დაგეგმილია ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა. პრიორიტეტულ სექტორებს შორის დასახელდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა ექნება ტურიზმის და ზოგადად მომსახურების სექტორის, ასევე მაღალი დამატებითი ღირებულების საექსპორტო ქვესექტორების - თხილის, კენკროვანების, მეთევზეობის, მესაქონლეობის და სხვ. სახეობის აგროპროდუქციის წარმოების განვითარებას. რაც შეეხება მრეწველობას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტყავის, ტექსტილის, ავეჯის, ელექტროტექნიკის აწყობასა და ავტონაწილების წარმოებას. პრიორიტეტებს შორის დასახელდა აგრეთვე ბუნებრივი რესურსების მართვა, ინოვაციური წარმოებების, IT და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ინტერნეტიზაცია. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ადგილების შექმნა არ არის უბრალოდ ლოზუნგი. „ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ჩვენ ვიცით რომ დღესდღეობით უმუშევრობის დონე იკლებს, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი რჩება, რაც ჩვენი სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა და ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ მაქსიმალურად შეიქმნას სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. მისი ინფორმაციით, ყოველწლიურად უნდა შეიქმნას დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი 2025 წლის ჩათვლით.

რაც შეეხება ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებას - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით: „საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ჩვენ ვერ შევძლებთ რასაც მოვიხმართ, იმ ყველაფრის წარმოებას, ყოველთვის გვექნება იმპორტი, ამიტომ ექსპორტიც უნდა გავაძლიეროთ. მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით საქონლის ექსპორტი - მომსახურეობის მიმართულებით უკვე არცთუ ისე ცუდი პროგრესი გვაქვს.  თუ ჩვენ არ განვავითარებთ საექსპორტო პოტენციალს, საქართველოს ეკონომიკის ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება“.

კიდევ ერთი პრიორიტეი, რომელზე გიორგი ქობულიამ ისაუბრა, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაა. მისი განცხადებით,  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში განვითარდეს ინოვაციები და ტექნოლოგიები, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა და შემოსავლები. „რათა შევძლოთ, რომ ეკონომიკის ზრდა მუდმივი პროცესი გავხადოთ, რაც ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, უცხოური უინვესტიციების გარეშე ვერ შევძლებთ ამ სფეროს განვითარებას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

საკომიტეტო მოსმენაზე პრეზენტაციის გაკეთების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©