გიორგი ქობულიამ ქუთაისში ტექსტილის საწარმო „MGM TEX“ დაათვალიერა
15-02-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისში ტექსტილის საწარმო „MGM TEX“ დაათვალიერა. გიორგი ქობულია საწარმოს სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ეწვია. სტუმრები ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს, შეხვდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას. 

შპს „MGM TEX“  2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა და წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. ინვესტიციის  ჯამური მოცულობა 3 მლნ ლარს შეადგენს. საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული და პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა  M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია ბრენდის „H&M” ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანას ამ ტიპის, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესი სჭირდება. „ესაა ტექსტილის საწარმო, რომელიც პრაქტიკულად, მთლიანად მუშაობს ექსპორტზე.  დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ საწარმოს ხელმძღვანელობისა და აქ დასაქმებულების  მიერ გაწეული სამუშაოთი, იმით, თუ როგორ ააწყეს ბიზნესი, მოძებნეს ეს ბიზნესმოდელი, ასევე კონტაქტები ევროპაში. რა თქმა უნდა, პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ ძალიან დიდი როლი ითამაშა საწარმოს განვითარების პროცესში. ჩვენ გვინდა ასეთი, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესები“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

ამასთან, მინისტრის თქმით, ამ საწარმოს მაგალითზე ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით. „ასეთი ტიპის ძალიან ბევრი საწარმო აღმოსავლეთ ევროპიდან გადმოდის ჩვენს რეგიონში და რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი ვიღონოთ, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ასეთი საწარმო გაიხსნას“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©