გიორგი ქობულია საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ განახლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
01-03-2019

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი და  აჭარის ა/რ მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე საქართველო - თურქეთის საზღვარზე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ განახლებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრნენ. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის, მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების და ამ პროცესში საბაჟო-გამშვები პუნქტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაციის შედეგად წარმოქმნილი პოტენციალის ათვისება მეტწილად დამოკიდებულია სწორედ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების მოქნილობაზე. „დამეთანხმებით, რომ ორი მეზობელი ქვეყნის მიერ განხორციელებული სამშენებლო პროექტების ასეთი თანხვედრა შემთხვევითი არაა და დღევანდელი ცერემონია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის ურყევ ნებას სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებით“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სარფი წარმოადგენს არა მარტო მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს ტვირთების გადაზიდვისთვის, არამედ იგი საქართველო-თურქეთს აკავშირებს ეკონომიკურად, კულტურულად და სოციალურად, განახლებული ინფრასტრუქტურა კი ბიძგს მისცემს ვაჭრობის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და მიმოსვლის კიდევ მეტად ზრდას. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ჩვენს ქვეყნებზე გადის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი და შეიძლება კიდევ უფრო ავითვისოთ ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების პოტენციალი. 

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, რომ 2019 წელს საქართველოს საბაჟო სისტემაში ხორციელდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. „იმედი მაქვს, რომ საქართველოს და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციები ერთობლივად გაერთიანდებიან ამ პროექტში და უფრო გააღრმავებენ ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის არეალს, მოახდენენ საბაჟო კონტროლის სისტემების შემდგომ დახვეწას და რისკის მართვის პროცესის შემდგომი განვითარებით გააუმჯობესებენ თანამშრომლობას, ეს კი ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებისთვის თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობების გარემოს შეუქცევად ჩამოყალიბებას“ - აღნიშნა მან. 

საშუალო მონაცემებით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში  სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვარს ყოველდღიურად კვეთს 1000-მდე სატვირთო ავტომანქანა, 2000-მდე მსუბუქი ავტომანქანა, 400-მდე ავტობუსი და 25000-მდე ფეხით მოსიარულე.

საქართველოსა და თურქეთისთვის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანში მყოფი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმზიდველი და კონკურენტული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, რისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია საბაჟო სფეროში განვითარების ერთიანი პრინციპების ჩამოყალიბება. თურქეთის რესპუბლიკა, ბოლო წლების განმავლობაში რჩება ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მზარდი ეკონომიკური ტენდეციების ფონზე საბაჟო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©