საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
11-03-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი თე-ჰომ. 

აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში 30 დღის შემდეგ შევა. 

შეთანხმება ითვალისწინებს კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის  ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესწავლას ორივე მხარისთვის მომგებიან სფეროებში, მათ შორის საინვესტიციო,  ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის სექტორებში და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას ქვეყნებს შორის სოციალურ-კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის ჩათვლით.

ხელშეკრულების ეფექტიანად განხორციელების და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებების შესწავლის მიზნით კორეის რესპუბლიკა და საქართველო ერთობლივ კომისიის შექმნიან. კომისიის ფარგლებში მოხდება არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების განხილვა.

საქართველოსთან შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის კორეული კომპანიების  საქართველოს ბაზარზე უფრო ფართოდ წარმოდგენის გზით.

„შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ხელმოწერის შემდეგ. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, დაიწყონ მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების შესახებ, ორმხრივად ხელსაყრელ დროში.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©