გიორგი ქობულიამ საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომის მუშობაში მიიღო მონაწილეობა
05-04-2019

ბულგარეთში, ქ. სოფიაში საქართველო-ბულგარეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი თავმჯდომარეობდნენ.

კომისიის ფარგლებში ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ასევე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა - ვაჭრობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, ტექნოლოგიები  და სხვა.

„ტექსტილის, ავეჯისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება - ამ სექტორებში ბულგარეთთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ერთობლივი საწარმოების შექმნით განვითარების ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფერო. მინისტრის თქმით, ბულგარეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა იმისთვის, რომ ამოქმედდეს შუა კორიდორი და საქართველო გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის. „შევთანხმდით, რომ უნდა შევისწავლოთ და გადავწყვიტოთ, როგორ გავხადოთ საქართველოსა და ბულგარეთს შორის საზღვაო მიმოსვლა უფრო ეფექტური და ხშირი, ვიდრე გვაქვს დღეს. ეს დაგვეხმარება, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები“ - განაცხადა გიორგი  ქობულიამ. 

ბულგარეთის მხარესთან ასევე განხილული იყო პირდაპირი ფრენების საკითხები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოქმშიც დაფიქსირდა, რომ საქართველო და ბულგარეთი იმუშავებენ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რაც დაგვეხმარება არამარტო ტურიზმის განვითარებაში, ასევე ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაში ორ ქვეყანას შორის.  

გიორგი ქობულიამ ასევე ხაზი გაუსვა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოსა და ბულგარეთის სავაჭრო პალატებს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ბულგარეთის ანალოგიურ სტრუქტურას შორის გაფორმდა. 

„ეს მემორანდუმები ჩვენს ბიზნესებს მისცემს საშუალებას, რომ გააღრმავონ ერთმანეთთან დიალოგი. ვგეგმავთ ბიზნესფორუმის ჩატარებასაც 2019 წელს. ბიზნესურთიერთობის ფარგლებში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ ისეთ სფეროებში, როგორიც არის, მაგალითად, ტექსტილის წარმოება, რაშიც ბულგარეთს აქვს დიდი გამოცდილება და შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთობლივი საწარმოები. ასევე დიდ პოტენციალს ვხედავთ ავეჯის წარმოებაში, რაშიც ასევე განსაკუთრებულად ძლიერია ეს ქვეყანა და ვფიქრობ, ბულგარული და ქართული კომპანიების ერთობლივი მუშაობა მოგვცემს საშუალებას, უფრო ადვილად შევიდეთ საექსპორტო ბაზრებზე. მესამე - ეს არის სოფლის მეურნეობა. მაგალითად, ამ სექტორში ხელი მოეწერა ტექნიკური თანამშრომლობის დოკუმენტს ეთერზეთების წარმოებაში. ადრე ამ პროდუქტის ძალიან მსხვილი მწარმოებელი იყო საქართველო და შემდეგ ეს სექტორი გაქრა. ბულგარეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა ტექნიკური ექსპერტიზით და ჩვენ კომისიის სხდომის ოქმშიც დავაფიქსირეთ სურვილი, რომ მათი ხელშეწყობით, ეთერზეთების წარმოება აღვადგინოთ ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ ბულგარეთში ვიზიტი და ერთობლივი კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასა - "მთლიანობაში, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო და იმედი გვაქვს, საქართველოსა და ბულგარეთის ურთიერთობები არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ სხვა მნიშვნელოვან სექტორებშიც კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©