ნათია თურნავა იმერეთის მხარეში მცირე და საოჯახო სასტუმროების მესაკუთრეებს შეხვდა
03-07-2019

ნათია თურნავა  ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს შეხვდა. მინისტრის თქმით, ქუთაისში გამართული შეხვედრის მიზანი იყო, ადგილობრივი ტურისტული ბიზნესისგან მოესმინა მათი მოთხოვნები, რათა მოხდეს სხვადასხვა რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგების შეჯამება და შემდგომი ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

„მას შემდეგ, რაც ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, პირადად მე, მთელი ჩვენი გუნდი პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონებში დავდივართ და ვხვდებით სექტორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით იმ ტურისტული მიზიდულობის ადგილებში, ვისაც ყველაზე დიდი რისკი დაუდგა, ტურიზმის ინდუსტრია წლის ბოლომდე  მილიონ რუს ტურისტს ელოდებოდა, თუმცა ახლა მათი ჩამოსვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა”- განაცხადა ნათია თურნავამ.

„შეხვედრების შედეგად მოთხოვნები სამი მიმართულებით გამოიკვეთა, პირველი მოთხოვნაა, რომ მოხდეს სტაბილიზაცია, იყოს მშვიდობა და ამის შესახებ მესიჯი კიდევ ერთხელ მივაწოდოთ მთელ მსოფლიოს - რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ტურიზმისთვის. მეორე მიმართულებაა ფინანსური პრობლემები, რაც ბიზნესს დაუდგა, ესაა ბანკის სესხები, სხვადასხვა გადასახადები, ის შემოსავალი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ, რომ მიიღებდნენ ამ სეზონზე და რომელიც შეიძლება ვერ მიიღონ ამ გართულებული ვითარების გამო. მესამე მიმართულება,  რომელიც ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა - ბიზნესი, სასტუმროები, ოჯახები ითხოვენ, რომ დივერსიფიკაციასა და სხვა მიმართულებებზე მუშაობასთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მათ შორის რუსი ტურისტიც არ წავიდეს ქვეყნიდან და ჩვენს ბაზარზე შევინარჩუნოთ“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სწორედ ეს სამი მიმართულებაა ის დავალება, რომელიც მოდის ტურიზმის ინდუსტრიიდან, მცირე სასტუმროებისგან, ტუროპერატორებისგან და  რიგითი ადამიანებისგან და მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათ მოგვარებაზე.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©