ნათია თურნავა კახეთში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
06-07-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში, ქალაქ გურჯაანში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის წინაპირობა იყო კახეთის კერძო სექტორის თხოვნა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მთავრობა რუსეთიდან პირდაპირი ავიაფრენების შეჩერების შემდეგ. შეხვედრას ორგანიზება გაუწია კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. 

შეხვედრას 200-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო, რომელთა საქმიანობაც, მეტნაკლებად, რუსეთთან არის დაკავშირებული. მათ შორის იყვნენ ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოებული პროდუქციის დიდ ნაწილს რუსეთის ბაზარზე ყიდიან, აგრეთვე ღვინის ტურიზმის ობიექტების - ღვინის მარნების მფლობელები, რომელთა სტუმართა დიდი ნაწილი რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ. 

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რათა მოხდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარების ნორმალიზება, რათა დანაკარგი, რომელიც საქართველოს შეიძლება მიადგეს, კიდევ უფრო მეტად არ გაიზარდოს და ქართულმა პროდუქციამ რუსეთის ბაზარი არ დაკარგოს. 

გარდა ამისა, გამომსვლელთა უმრავლესობა მთავრობის წევრებს სთხოვდა აქტიურ ქმედებას, რათა ინფორმაცია საქართველოში არსებული სტაბილური ვითარების შესახებ გავრცელდეს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.  

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც, რომლებიც ღვინის ტურიზმში აქტიურად არიან ჩართული. აღინიშნა, რომ ტურიზმის ეს მიმართულება კახეთში დიდ აღმავლობას განიცდის, რაზეც მეტყველებს ახალი ღვინის სასტუმროების გახსნა რეგიონში, თუმცა შექმნილი ვითარება, განსაკუთრებით, რუსი ტურისტების მხრიდან ჯავშნების გაუქმება მნიშვნელოვნად დააზარალებს აღნიშნულ სექტორს. სასტუმროების მეპატრონეთა განცხადებით, მათ უკავშირდებიან პოტენციური ტურისტები რუსეთიდან და ინტერესდებიან საქართველოში ჩამოსვლის ალტერნატიულ გზებზე. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსი ტურისტის შენარჩუნება და ამისთვის ვიზიტორებს სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. "საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და აქ საფრთხე არავის ემუქრება. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ხშირად დეზინფორმაციის მატარებელია და ეს ვითარება უნდა გამოვასწოროთ,"- აღნიშნა  ნათია თურნავამ.

“რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, რაც უფრო მეტი კმაყოფილი ტურისტი  წავა აქედან და წაიღებს ინფორმაციას რეალურ საქართველოზე და არა რუსული არხებიდან მოისმენს ინფორმაციას საქართველოზე, მით უკეთესია ჩვენთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ნათია თურნავას შეფასებით, ერთია ის არჩევანი, რასაც მთავრობა ქმნის  და მეორეა - რას ირჩევს თავად ბიზნესი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა  არ კარნახობს ბიზნესს, საიდან ჩამოიყვანოს ტურისტი ან რომელ ქვეყანასთან ივაჭროს, თუმცა,  არსებობს ახალი საინტერესო ბაზრები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს პირდაპირი ფრენებით, მარკეტინგული კამპანიებით და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით. 

"ვფიქრობ, რუსეთთან მიღწეული პროგრესი იქნება შენარჩუნებული. ჩვენმა  ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეგვიძლია პრაგმატული პოლიტიკის გატარება. ჩვენ შევძლებთ სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებას, მათ შორის  ღვინის სფეროში, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქტი. იმედია რუსეთის ფედერაციისგანაც მივიღებთ პასუხებს და მათი მხრიდანაც პროცესი ადექვატურად იქნება აღქმული" - განაცხადა დავითაშვილმა. 

შეხვედრის დასასრულს მთავრობის წარმომადგენლებმა შეკრებილ მეწარმეებს გააცნეს ქვეყნის მთავრობის ხედვა, როგორ გეგმავენ ისინი შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსვლას. აღინიშნა, რომ ხელისუფლება იმოქმედებს მხოლოდ იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია ამ კუთხით, რათა მათ შორის, რუსეთთან ეკონომიკური ვითარების ნორმალიზების მიმართულებით.
 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©