საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო
25-07-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს 12 უმსხვილესი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე ხელი მოეწერა კონტრაქტს საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ კონტრაქტს სახელმწიფოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. 

საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ფარგლებში ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ. ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გასაცემი სესხების უზრუნველყოფისთვის.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად.  

საქართველოს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ძირითადი პრინციპები და მახასიათებლები შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საკრედიტო-საგრანტიო სქემის ეფექტიანობას და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის გენერირებას.

როგორც კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება 20 ივნისის მოვლენების შემდგომ მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ტურისტულ ბიზნესს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. „ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც დავეხმარებოდით ტურისტულ ბიზნესს, რომ შეგვერბილებინა ის ნეგატიური ზემოქმედება, რაც მას პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და შემდგომ რუსეთის მხრიდან ფრენების შეწყვეტამ მოუტანა. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება და მისი გადაწყობა ძირითადად ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის, ეს არის შესაძლებლობა სასტუმრო ბიზნესისთვის, ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის - მიიღოს ახალი დაფინანსება, ახალი სესხები თავისი ბიზნესის გასაფართოებლად, ან ახლის დასაწყებად“ - განაცხადა ნათია თურნავამ.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©