ნათია თურნავა ჩინეთის ელექტრონული პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა
07-11-2019

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის ელექტრონული პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

აღნიშნული ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო გაერთიანებაა, რომელიც რამდენიმე ათას ჩინურ კომპანიას აერთიანებს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ. 

„ჩინეთის ელექტრონული პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე ხუთი ახალი საწარმოს შექმნის შესახებ  გამოითქვა მზადყოფნა. ეს საწარმოები საქართველოში მანქანა-დანადგარების წარმოება-აწყობით დაკავდებიან და ექსპორტს მოახდენენ როგორც ევროკავშირში, ასევე სხვა ქვეყნებში“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, საუბარია ისეთ ინვესტიციებზე, რომელიც პირველ რიგში, დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ინდუსტრიული სექტორი, მძიმე მრეწველობა ასაქმებს საკმაოდ ბევრ ადამიანს. 

„შეხვედრაზე ავუხსენით, მხარდაჭერის რა მექანიზმები გაგვაჩნია, მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. ამასთან, ჩვენ მზად ვართ, დამატებით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნაზე ვისაუბროთ, თუ კიდევ მსხვილი ინვესტიციები წამოვა. საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონზე. გვიხარია, რომ შედგა კონკრეტული საუბარი და რამდენიმე კომპანია მზად არის, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები დაიწყოს საქართველოში წარმოების გადმოტანასა და ახალი წარმოებების აწყობაზე, ვინაიდან აღიარებენ იმ უპირატესობებს, რასაც ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებს სთავაზობს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©